ლვოვში, პოლონეთის საზღვართან, სადაც უკრაინელი დევნილები იმყოფებიან, ადგილი აქვს გარკვეულ დივერსიულ შემთხვევებს - "კურიერის" გადამღები ჯგუფი შეესწრო ფაქტს, როდესაც ერთ-ერთი ჰუმანიტარული დახმარების შენობიდან პოლიციას სავარაუდოდ რუსული წარმომავლობის 2 გოგო გაჰყავდა. როგორც გაირკვა, ისინი ავრცელებდნენ დეზინფორმაციას და არსებობს ეჭვი, რომ სურდათ სტრატეგიული ინფორმაციის მოპოვება.
აღსანიშნავია, რომ პანიკის დათესვის მცდელობა იყო ლვოვის კულტურის სახლშიც, რომელიც ახლა მთავარ ჰუმანიტარულ ცენტრად არის ქცეული. ადგილზე შევიდა ზარი თითქოს იყო დაბომბვის საფრთხე და შენობაში ნაღმიც არსებობდა. მოხდა შენობის ევაკუაცია, საბოლოოდ ინფორმაცია ცრუ შეტყობინება აღმოჩნდა.
გარდა ამისა, განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობს ლვოვის რკინიგზის სადგური, სადაც დღის განმავლობაში აღმოსავლეთი და ცენტრალური უკრაინიდან ათასობით ადამიანი ჩადის. ცნობისთვის ქალაქი უკრაინის დასავლეთით, პოლონეთის საზღვართან მდებარეობს. როგორც მერი აცხადებს, მსგავსი დატვირთვა რკინიგზის სადგურს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ჰქონია.