19 მაისი 2024,   05:24
ვრცლად
კეზერაშვილს ჯარში ნახევარქათამას ეძახდნენ, მართლა ნახევარქათამასავით ყლაპავდა ჯარისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს - სუბარი

დავით კეზერაშვილს და ალექსანდრე ნინუას 5 მილიონ 60 ათასი ევროს გადახდა დაეკისრათ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის და სანაცვლოდ წვრთნების ჩატარების საქმე - მომსახურება, რომელიც თავდაცვის სამინისტროს არ მიუღია. 

კეზერაშვილის საქმეს უკვე მოჰყვა გამოხმაურება უმრავლესობის წევრების მხრიდან. როგორც მმართველი პარტია განმარტავს კეზერაშვილი თაღლითურად მოპოვებული თანხებით ახდენდა და ახლაც ახდენს ქვეყანაში დესტრუქციული ქმედებების განხორციელებას. 

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი ამბობს, რომ კეზერაშვილს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოუწევს უკანონოდ მითვისებული თანხმების დაბრუნება. 

"ადრე თუ თუ გვიან ამ ადამიანს მოუწევს თანხის გადახდა. ეს არის ადამიანი, რომელსაც საქართველოს ჯარში სამარცხვინო სახელს უწოდებდნენ ნახევარქათამას და მართლა ნახევარქათამასავით ყლაპავდა საქართველოს ჯარისთვის და ჯარისკაცებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს. მას ასევე მოუწევს პასუხისმგებლობა იმ თანხებზეც, რომელსაც ის ჰპარავს ევროპელ პენსიონერებს ე.წ. ქოლ-ცენტრების მეშვეობით,"- აცხადებს სოზარ სუბარი.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიას თქმით, კეზერაშვილი გაძარცული ხალხის თანხების რეინვესტირებას ახდენს და აფინანსებს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს.  

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავის არ ეპატიოს და არავის არ შერჩეს, როგორც საბიუჯეტო სახსრების მითვისება, ასევე ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის განმტკიცების ხელშეშლა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაზიანება. ორმაგად შემაშფოთებელია, რომ ხალხის ნაძარცვი ფულით ხდება, მიტაცებული თანხების რეინვესტირება რასაც სამწუხაროდ ადგილი აქვს ამ დესტრუქციული სუბიექტების მხრიდან,"- აცხადებს ირაკლი ბერაია. 

ყოფილი თავდაცვის მინისტრის ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ ამ საქმეში არის უფერო პოლიტიკური მდგენელი ვიდრე სამართლებრივი. ადვოკატი იხსენებს კეზერაშვილის საქმის წარმოებას და ამბობს, რომ წლებია რაც ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბრალდების სასამართლო განხილვები სხვადასხვა ინსტანციებში მიმდინარეობს. მისი თქმით, პირველ ორ ინსტანციაში დავით კეზერაშვილი გამართლდა კიდევაც. თუმცა, როგორც ადვოკატი შოთა მინდელი აცხადებს, სამი წლის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ თაროდან ჩამოიღო ეს საქმე და პოლიტიკური და მოტივით მიიღეს გადაწყვეტილება, დამნაშავედ ცნეს ყოფილი თავდაცვის მინისტრი. სწორედ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ადვოკატი აცხადებ,რომ მომავალში სამართლებრივი კუთხით აპირებს საქმის გაგრძელებას. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად. ამავე განაჩენით დადგინდა, რომ აღნიშნული პირების ბრალეული ქმედებით თავდაცვის სამინისტროს მიადგა 5 060 000 ევროს ოდენობით მატერიალური ზიანი. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (როგორც დაზარალებულმა პირმა) აღნიშნული პირების მიმართ სამოქალაქო სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამინისტროზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

დღის ამბები