19 მაისი 2024,   06:02
ვრცლად
კამათი და მწვავე განცხადებები პარლამენტში - ვინ ვის სდებს ბრალს, ქვეყნის "ომში ჩათრევის" მცდელობაში 

დღეს, პარლამენტში პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. ისმოდა ურთიერთბრალდებები და მწვავე განცხადებები. მთავარი თემები იყო უკრაინა, ევროკავშირში გაწევრიანება და ქართული მხარის პოზიცია.

უმრავლესობამ დღეს დარბაზში რამდენჯერმე ახსენა ფრაზა - "ომის პარტია" და ოპოზიცია ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში დაადანაშაულა. 

"სრულიად მიუღებელია, როცა მეგობარი ქვეყნის პოლიტიკოსები თუ მაღალი თანამდებობის მქონე პირები პირდაპირი ტექსტით მოგვიწოდებენ ომში ჩართვისკენ. როცა საქართველო თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, რომ გვერდით დაუდგეს უკრაინას და უკრაინელ ხალხს, აკეთებს გაცილებით მეტს, ვიდრე პოსტსაბჭოთა ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა, რატომ კეთდება ასეთი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მისამართით?! გასაგებია რატომაც - ქართული "ომის პარტია" განსაკუთრებული პრივილეგიებითა და მხარდაჭერით სარგებლობს უკრაინის ხელისუფლებაში, არწმუნებს მათ, რომ შესაძლებელია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და უკრაინაში მიმდინარე ომის საქართველოში გადმოტანა,"- აცხადებს სოზარ სუბარი. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა კი, სოზარ სუბარს უპასუხა:

"მმართველმა პარტიამ მაინც იპოვა დღეს დრო და სხდომათა დარბაზიდან აკრიტიკებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებს ანუ ჩასაფრებულის პოზიციიდან მუდმივად ეძებს, რომ ვინმემ რამე ისეთი ხომ არ თქვა, რომ მერე გავაკრიტიკოთ ტრიბუნიდან. მერე წუხართ, ჩვენ რა არ გავაკეთ უკრაინასთან დაკავშირებით, რა დავაკელითო?! არავინ არაფერს გთხოვთ, გარდა იმისა, რომ სწორად ისაუბროთ,"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი კი, ოპონენტებს, ერთიანობისა და კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს და პროცესების შეფერხებაში სდებს ბრალს.

"თქვენ უნდა გვთავაზობდეთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ ვითანამშრომლოთ. ამის ნაცვლად ერთი და იგივე, რაც ყელში ამოგვივიდა ამ 10 წლის მანძილზე, ახლა "ომის პარტია“ დაარქვით "ნაციონალურ მოძრაობას“, მერე კიდევ რაღაცას მოიგონებთ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ქვეყნის შიგნით ქმნის მტრის ხატს და არ უნდა ნაბიჯები გადადგას ერთიანობისკენ, ის არის საკუთარი ქვეყნის, საქართველოს მტერი,"- ამბობს გიორგი ვაშაძე. 

გიორგი ვაშაძის ამ გამოსვლას პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუამ უპასუხა და ოპოზიას გუშინდელი მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა გაახსენა:

"გუშინ რომ გამოვიდა „ნაცების“ ბელადი და თქვა, რომ დადგა დრო, როცა ჩვენ უნდა ჩამოვაგდოთ ეს მთავრობაო, აჰა, მოვიდა ის დრო, სადაც ყველა უნდა გავერთიანდეთო, დაგმე? ვერ დაგმე, იმიტომ, რომ არა გაქვს ერთი ადგილი, რომ ეს გააკეთო. მაშინ იქნებოდი ნამდვილი პოლიტიკოსი. ამიტომა ხარ "ჭიჭე ვაშაძე. ხაბეიშვილს მინდა მივმართო, შეეშვი "ქართული ოცნების" ბულინგს, ეს ბოლო გაფრთხილებაა და კარგად გაითვალისწინე. ჩვენ არ შეურაცხვყოფთ თქვენს ამომრჩეველს. ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს.

დღის ამბები