26 აპრილი 2024,   13:27
ვრცლად
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელიც ქართველმა პოლიტიკოსებმა საკუთარი ინტერპრეტაციით წაიკითხეს - რა წერია სტრატეგიული პარტნიორის წლიურ შეფასებაში

სასამართლოს დამოუკიდებლობა და მართლმსაჯულების მხრივ არსებული ხარვეზები - სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ანგარიშში, ეს მიმართულებები ისევ საყურადღებო რჩება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ კონსტიტუცია და კანონი, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას ითვალისწინებს, თუმცა რჩება მინიშნებები სასამართლოს მიუკერძოებლობაში ჩარევის შესახებ.

ის, რაზეც "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ისაუბრა, გიორგი რურუას და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობებს ეხება, სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ორ საქმეზე, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებსა და სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს ეყრდნობა.

ტრადიცია არც დღეს დარღვეულა, დოკუმენტი ყველა პოლიტიკურმა ძალამ თავისებურად წაიკითხა. ოპოზიციის ნაწილისთვის, ის ყველა სხვა ანგარიშთან შედარებით მძიმეა. 

"ქართულ ოცნებაში" ოპონენტებს უპასუხეს, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ის, რაზეც ოპოზიცია ყურადღებას ამახვილებს, რეალურად მანიპულაციაა და დოკუმენტში სააკაშვილი პოლიტპატიმრად მოხსენებული არ არის.

2021 წლის ანგარიშში ცალკე პუნქტი ეთმობა 5-6 ივლისის მოვლენებს. დოკუმენტში წერია, რომ გარკვეული ზომების მიღების მიუხედავად დაუსჯელობა კვლავ პრობლემად რჩება.

ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, სრულყოფილ რეაგირებას და ზოგადად დეპარტამენტის ანგარიშში ასახული პრობლემების სიღრმისეულ მოგვარებაზე საუბრობს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი.

დეპარტამენტის ანგარიშს, როგორც გზამკვლევს ისე უყურებენ ”ქართულ ოცნებაში” და ამბობენ, რომ დოკუმენტი სახელისუფლებო გუნდს იმ მიზნების მიღწევაში დაეხმარება, რაც ევროინტეგრაციის პროცესის წარმატებით დასრულებისთვის უკვე დაწყებული ან დაგეგმილია.

სახელმწიფო დეპარტამენტი 2020 წლის არჩევნებსაც ეხება და ეუთოს საბოლოოდ დასკვნაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ არჩევნების პირველი ტური კონკურენტული გარემოთი და ფუნდამენტური თავისუფლებით გამოირჩეოდა.

დეპარტამენტის მიერ წელს მომზადებული დოკუმენტი, მმართველი პარტიისთვის წინა წლების ანალოგიურ ანგარიშებისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. რაც შეეხება კრიტიკას, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ არც ეს უკვირთ. შალვა პაპუაშვილის თქმით, მსგავსი დოკუმენტების არსი სწორედ კრიტიკულობაა.

85 გვერდიან დოკუმენტში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზეც. ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსული ბორდერიზაციის გაზრდამ ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში გადაადგილება კიდევ უფრო შეზღუდა.
 

დღის ამბები