26 აპრილი 2024,   13:45
ვრცლად
ბუჩაში 8 ადამიანისგან დაკომპლექტებული საპარლამენტო დელეგაცია ჩავა - ვინ იქნება საბოლოო შემადგენლობაში

ბუჩაში 8 ადამიანისგან დაკომპლექტებული საპარლამენტო დელეგაცია ჩავა - შემადგენლობაში პარლამენტის სპიკერის გარდა, იქნება უმრავლესობის სამი და ოპოზიციის ხუთი დეპუტატი.

სახელები და გვარები დაზუსტებულია, ახლა ისინი გამგზავრების თარიღზე უნდა შეთანხმდენენ:

"სამწუხაროდ, დამრჩა განცდა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს საერთოდ დაავიწყდა რის გამო დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში. ჩვენ ვსაუბრობთ გენოციდზე, ომის დანაშაულებზე, რომელიც ჩადენილია რუსეთის მხრიდან უკრაინაში. როდესაც ომში მყოფი ჭირისუფალი ქვეყანა გთხოვს, რომ ჩახვიდე, მემგონი აქ არ უნდა იყოს 2 აზრი. არის ვითარებები, როდესაც პატივი უნდა ვცეთ გარდაცვლილებს და ჭირისუფლებს, ამიტომ მივდივარ მე "ლელოს" მხრიდან ამ დელეგაციაში,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილი.

"სტრატეგია აღმაშენებლიდან" კი, დელეგაციას ხათუნა სამნიძე შეუერთდება:

"ვწუხვარ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ამ დელეგაციას არ უერთდება, ჩემი აზრით, ეს სერიოზული შეცდომაა,"- აღნიშნავს "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე. 

ისევე როგორც ოპოზიციის უმეტესი ნაწილისთვის, მმართველი გუნდისთვისაც, "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია მიუღებელია. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ის, რომ დელეგაციას ენმ არ უერთდება, ქვეყნის ღალატია:

"ნაცმოძრაობაა" ომის პარტიაა გასაგებია, იმიტომ რომ ამ ქვეყნის ომში ჩათრევა უნდათ, მაგრამ კიდევ უფრო ღრმად რომ შევიდეთ შინაარსში, რასაც ახლა ისინი აკეთებენ, ეს ყველანაირი გაგებით ღალატის პარტიაა. თავის დროზე მათ ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაული და რუსი სამხედროების სასარგებლოდ დამალეს ისკანდერის ნაწილები, აქედან დაწყებული დღემდე გაგრძელებული რასაც აკეთებენ, მათი საუბრისა და ქმედებების შინაარსი არის ღალატი. მათი მზიანი არანაირად არ იყო არც იქ წასვლა და არც უკრაინელების მხარდაჭერა. მათ ერთადერთი მიზანი აქვთ, ამ მიზანს და ქმედებას კი თავისი ქვეყნის ღალატი ჰქვია. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პარალელურად, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს და თავისი ქვეყნის გაშავებას ცდილობს კონკრეტულად ეს პარტია,"- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

დელეგაციის საბოლოო სია ასეთია: ვიცე-სპიკერები დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი. ასევე, ანა ნაცვლიშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი. და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. 

დღის ამბები