19 მაისი 2024,   06:05
ვრცლად
ვადამდელი არჩევნების მისაღწევად ენმ ქუჩის მასშტაბურ აქციებს აანონსებს - როგორია სააკაშვილის გეგმა ციხიდან

ვადამდელი არჩევნების მისაღწევად "ნაციონალური მოძრაობა" ქუჩის მასშტაბურ აქციებს აანონსებს, მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა - როგორია სააკაშვილის გეგმა ციხიდან და რა დავალება მისცა მან პარტიას, ამის შესახებ, ექსპრეზიდენტთან კონსულტაციების გავლის შემდეგ, ლევან ხაბეიშვილისგან გახდა ცნობილი. 

ლევან ხაბეიშვილმა მასობრივი დემონსტრაციების იდეა გუშინ გააჟღერა. მისივე თქმით, პოლიტიკური მღელვარების მიზეზად უნდა იქცეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. გარდა ამისა ხაბეიშვილი ფიქრობს რომ, მასობრივი აქციების შემთხვევაში ისინი შეძლებენ ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე წამოიყვანონ, თუმცა ოპოზიციაში უჭირთ იმ სამართლებრივი სარჩულის დასახელება, რომელიც აუცილებელია საპარლამენტო ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად. 

"საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაქცია. შესაბამისი რეაქცია იქნება გაყალბებული არჩევნების 2020 წლის, შემდეგ მათ მოღალატეობრივ საქმიანობაზე. იმაზე, რომ ეს ხალხი მოქალაქეებზე ზრუნვის ნაცვლად აკეთებს ყველაფერს, უნდა ჰქონდეს შესაბამისი შეფასებაც და მოქმედებაც. მოქმედება გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლება ეკუთვნის ქართველ ხალხს და უნდა მოვაწყოთ დიდი სახალხო დღესასწაული, რომელ დღესაც უნდა გავაცილოთ "ქართული ოცნება" ხელისუფლებიდან. ამას სჭირდება მობილიზება, არდაზარება და ამის შემდეგ უკვე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს ხელისუფლებას,"-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

ენმ-ის მორიგ გეგმას ქუჩის პროტესტთან დაკავშირებით საკმაოდ კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ეს არის გამოძახილი 2 კვირის წინ ბაკურიანში ჩატარებული შეხვედრისას- სადაც ცნობილმა პოლიტტექნოლოგმა და ხავერდოვანი რევოლუციების სპეციალისტმა პიტერ აკერმანმა ოპოზიციის ნაწილი დაატრენინგა. მმართველ გუნდში განმარტავენ იმასაც, რომ რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე ქვეყანაში პოლიტიკური დესტაბილიზაციის მცდელობა არის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. 

"ომის და მოღალატეების პარტია აგრძელებს  თავის დესტრუქციების სერიას, როგორც ჩანს ბაკურიანის შეკრებაზე დაიგეგმა კიდევ ერთი მსგავსი ნაბიჯი, რომლის მფრინავ განცხადებასაც ალბათ სასამართლო დარბაზიდან მოისმენთ. ნახეს, რომ ვერ მოხდა ქვეყნის ჩაბმა ომში, ნახეს, რომ, ვერ მოხდა ურთიერთობების დაძაბვა უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებებს შორის და ნახეთ, როგორი წარმატებული ვიზიტი ჰქონდა საქართველოს დელეგაციას.

ახლა შემოაგდებენ სავარაუდოდ კიდევ ერთ ფანდს, რომლითაც ეცდებიან, რომ გამოიწვიონ საზოგადოების მღელვარება. როგორც ყველა დანარჩენი სერია, 2020 წლის არჩევნებიდან მოყოლებული დღემდე ჩაუვარდათ- ზუსტად ანალოგიური "წარმატება" ექნება ამ განცხადებას. არჩევნები საქართველოში იქნება 2024წელს და არანაირი ვადამდელი არჩევნები თეორიულადაც კი არ განიხილება,"- აცხადებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი.

ინფორმაციისთვის, ლევან ხაბეიშვილის ცნობით, გეგმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ხვალ, 20 აპრილის სასამართლო სხდომაზე ისაუბრებს.

შეგახსნებთ, პოლიტტექნოლოგისა და ხავერდოვანი რევოლუციების სპეციალისტის პიტერ აკერმანის სახელს უკავშირდერბა ხელისუფლებების ცვლილება ბოლივიასა და ყოფილ იუგოსლავიის რესპუბლიკაში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აკერმანის მონაწილეობით, ორდღიანი სემინარი ბაკურიანში გასულ კვირას შედგა.

დღის ამბები