20 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
შანიძის ქუჩაზე დაჭრილი 33 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, შანიძის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში რჩება, მისი მდგომარეობა მძიმეა. მას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა, ის გულ-მკერდის არეშია დაჭრილი. მამაკაცს ერთი ტყვია მოხვდა.

რა გახდა დაპირისპირების მოტივი და რა კავშირი ჰქონდა თავდამსხმელს დაჭრილთან, ჯერჯერობით უცნობია.

"კურიერმა" გაარკვია, რომ დაჭრილი ბექა მახარაძე ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელია, მან სამუშაო ადგილი პირადი განცხადების საფუძველზე, ერთი წლის წინ დატოვა.  

"პაციენტი შემოყვანილია დაახლოებით პირველ საათზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. აღენიშნებოდა შემავალი ჭრილობა გულ-მკერდის უკანა ზედაპირზე. დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ ავიყვანეთ საოპერაციოში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია. საბედნიეროდ, გულ-მკერდის ღრუში შემავალი არ აღმოჩნდა, თუმცა რაღაც დაზიანებები მაინც დატოვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამჟამად პაციენტი რეანიმაციაშია, მდგომარეობა მძიმეა," - აღნიშნა ქირურგმა კობა თაბაგარმა.

საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა კი, შემთხვევის ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს. ექსპერტ-კრიმინალისტებმა შეისწავლეს ტერიტორია და გაჩხრიკეს დაჭრილი ბექა მახარაძის ავტომობილი, რომელიც უკვე დალუქულია და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ სადგომზეა გადაყვანილი.

საქმეზე გამოძიება ორი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით მიმდინარეობს.  

დღის ამბები