არათუ აქცენტები შესთავაზა ნაციონალურმა მოძრაობამ "EPP" - ის, არამედ მთლიანად ტექსტი იყო მათი მომზადებული. მითითებული იყო კიდეც ეს ტექსტზე, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ძალიან ცუდი პრაქტიკა, რაც ზოგადად ამ პარტიაშია ჩამოყალიბებული.
"აქ მოქმედებს სამწუხარო პრინციპი, რაც ისტორიულად არის ცნობილი, რომ ვიღაც არის ცუდი ბიჭი, მაგრამ ჩემი ცუდი ბიჭია. ცოტა რბილად ვთქვი, თუმცა „ნაცმოძრაობას“ უფრო უხეში ტერმინები შეესაბამება. EPP-თვის დამახასიათებელია, რომ შეუძლია ხელი დააფაროს ისეთ პოლიტიკურ პარტიასაც კი, თუ წევრია, რომელსაც უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი და „ნაცმოძრაობა“ არის ამის ყველაზე ნათელი მაგალითი. ეს არის ძალიან სამწუხარო.
მეორე მხრივ, ეს იყო ყველაფრის სრული გაშიფვრა, სრული ლუსტრაცია. განცხადებიდან, რომელიც "ნაცმოძრაობამ" დაწერა და შემდეგ EPP-ის სახელით გამოქვეყნდა პირდაპირ იკითხება მიზანი, ის რასაც ჩვენ ვსაუბრობთ მთელი ამ ხნის განმავლობაში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ისინი აწარმოებენ კამპანიას კანდიდატობის წინააღმდეგ. არცერთი სიტყვით არ არის მოწოდება ევროკავშირის მიმართ, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, ეს არ ჩათვალა „ნაცმოძრაობამ“ საჭიროდ საკუთარ ტექსტში. გარდა ამისა, მთელი ტექსტი ისეა აგებული, რომ სწორედ საპირისპირო გადაწყვეტილებისკენ უბიძგებს ევროკავშირს. აქედანაც ჩანს, სინამდვილეში რა არის „ნაცმოძრაობის“ ნამდვილი მიზანი. ეს მათთვის ერთგვარად ბოლო იმედია. ჩვენ ვთქვით, მათ თავებში რა სცენარი იხარშება, ეს არის ის, რომ ჩვენ არ უნდა მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი, ამას უნდა მოაყოლონ მერე არეულობის სცენარი, ხელისუფლების გადატრიალება, ომი და ა.შ. ეს არის ძალიან მარტივი სცენარი, რომელიც მათ აქვთ დაგეგმილი, თუმცა რა თქმა უნდა, ამას განხორციელება არ უწერია. ყველაფრიდან ჩანს, რომ მთელი მათი საქმიანობა უახლოესი კვირების განმავლობაშიც მიმართული იქნება იქით, რომ რამენაირად მიაღწიონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.