ოპოზიციური პარტიების მიერ "ჩახსნილი" საარჩევნო სიების აღდგენასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას და ამ თემაზე კონსულტაციების დაწყებას, ოპოზიციონერი დეპუტატები მხარს დაუჭერენ.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ თუკი მისი ხმის დაფიქსირების საჭიროება დადგება, სიების აღდგენის გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს.
"იდეას, სიების აღდგენის შესახებ არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ "ქართული ოცნება", რომელიც აგდებს ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტიდან, არ მგონია რომ პოზიტიურად იყოს განწყობილი ამ იდეის მიმართ, პირიქით არის მიმართული და ძალიან ბედნიერი იქნება, თუ კიდევ უფრო შემცირდება ოპოზიციური წარმომადგენლობა პარლამენტში. ჩემი ხმა თუ დასჭირდება სიების აღდგენის გადაწყვეტილების მიღებას, მე მხარს დავუჭერ მსგავს გადაწყვეტილებას", - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ "ქართლი ოცნების" წარმომადგენლები სიების აღდგენას მხარს არ დაუჭერენ.
"ქართული ოცნება ამას არ იზამს და მარტივი მიზეზის გამო, მეტი ოპოზიციონერი მას პარლამენტში არ სჭირდება. ისედაც დიდი თავის ტკივილი აქვს იმ ოპოზიციისგან, რომელიც მართლა გულწრფელად ვცდილობთ, რომ საგნობრივი კამათი იყოს და ხალხის საჭიროებებზე მსჯელობა იყოს ამ პარლამენტში",- აცხადებს გიორგი ვაშაძე.