"ქართული ოცნების" წევრი გიორგი ცაგარეიშვილი უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერისა და რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელის დავით არახამიას განცხადებებს პასუხობს.
ცაგარეიშვილის შეფასებით, ბრალდებები რომელიც ისმის, არ არის ფაქტებით და მტკიცებულებებით გაჯერებული, ამით დავით არახამია რუსულ საქმეს აკეთებს.
"ავრცელებენ სიყალბეს, სიცრუეს თითქმის სამი თვის განმავლობაში. ვერცერთი მოყვანილი ამგვარი მოვლენა, რომელიც საქართველოს უკავშირდება ვერ იყო დამტკიცებული ფაქტებით და მტკიცებულებებით. ახლა, როდესაც ჩვენ ფაქტობრივად ევროკავშირის კარიბჭესთან ვდგავართ და ხვალ უნდა იქნეს მიღებული გადწყვეტილება ჩვენი წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით, ადამიანი, ტომით ქართველი პირდაპირ სიძულვილით სავსე ბრალდებებს აფრქვევს მტკიცებულებების გარეშე, მტრობს თავის ისტორიულ სამშობლოს და ვფიქრობ, თუ ვინმე აკეთებს რუსულ საქმეს მათ შორის საქართველოში, პირველ რიგში, არის ბატონი არახამია," - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
ცნობისთვის, დავით არახამიას განცხადებით, რუსეთის მოქალაქეები და კომპანიები გვერდს უვლიან დასავლურ სანქციებს და ამისთვის ქართულ ორგანიზაციებს იყენებენ. მან ვაშინგტონს მოუწოდა, მიიღოს ზომები, რათა სანქციებისგან თავის დაძვრენის საშუალება დახუროს.