15 ნოემბერი 2024,   17:10
ვრცლად
მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს - ხვალ ქვეყნისთვის ისტორიული დღეა, ოფიციალური თბილისი ბრიუსელის პასუხის მოლოდინშია

საქართველო და ევროკავშირი - ხვალ ქვეყნისთვის ისტორიული დღეა, ოფიციალური თბილისი ბრიუსელის პასუხის მოლოდინშია, მიიღებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ევროკომისიამ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების შეფასება უკვე დაასრულა, ხვალ კი თბილისი, კიევი და კიშინიოვი გაიგებენ, ტოვებს თუ არა ევროკავშირი კარს ღიას რუსული აგრესიის მსხვერპლი ქვეყნებისთვის. დღეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც პოზიციაც და ოპოზიციაც ევროკავშირისგან მხოლოდ პოზიტიური პასუხის მოლოდინშია. თუმცა, ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის მიღების რამდენიმე ვერსიას განიხილავს, რის სანაცვლოდაც შესაძლოა თბილისმა ბრიუსელისგან დადებითი პასუხი მიიღოს.

ევროკავშირის დათქმებში პრობლემას ვერ ხედავენ მმართველ გუნდში და ამბობენ, რომ ქვეყანამ ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების ნახევარზე მეტი შეასრულა. "ქართული ოცნება" საუბრობს იმაზეც, რომ რეფორმები, რომლის გატარებას ევროკავშირი ითხოვს, ნაწილობრივ შესრულებულია და მომავალშიც გაგრძელდება.

"ასოცირებული ტრიო" ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოსგან პოლიტიკურ გზავნილს რამდენიმე საათში ელოდება. დოკუმენტზე მუშაობა, რომლითაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა შეაფასეს, დასრულებულია. სწორედ ეს შეფასება გადაეგზავნება ევროკავშირის წევრ სახელმიწიფოებს და შემდეგ სამი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე მსჯელობა დაიწყება. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მმართველი პარტია იმაზე საუბრობს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება და რა პოლიტიკური დატვირთვა ექნება ამ ნაბიჯს რუსული აგრესიის საპასუხოდ.

როგორი იქნება ევროკომისიის დასკვნა, წინასწარი პროგნოზი უჭირთ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსის მიღების სანაცვლოდ საქართველომ ევროპელი ლიდერებისგან დროში გაწერილი ვალდებულებები მიიღოს. პოლიტიკურ ძალებს მიაჩნიათ, რომ ქვეყანამ ისტორიული შესაძლებლობა არ უნდა დაკარგოს.

ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებზე ამახვილებს ყურადღებას "ქართული ოცნება". სახელისუფლებო გუნდში ოპონენტების მიზნებზე კიდევ ერთხელ აკეთებენ აქცენტს და ამბობენ, რომ ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ნაკლები გავლენის მოხდენა შეუძლია სტატუსის მინიჭების დროს.

საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი 3 მარტს გააკეთა, უკრაინამ კი 28 თებერვალს. ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ქვეყნების შეფასება მცირე დროში მოამზადა და ევროკავშირის 27 წევრს მსჯელობისთვის გადასცა. ამ მხრივ ხვალინდელი დღე შესაძლოა გამონაკლისი აღმოჩნდეს.

დღის ამბები