19 მაისი 2024,   09:26
ვრცლად
თამბაქოს კონტროლის ალიანსი პარლამენტს მიმართავს და ითხოვს, არ გადაიდოს თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის ნორმის შემოღება

თამბაქოს კონტროლის ალიანსი პარლამენტს მიმართავს და ითხოვს, არ გადაიდოს თამბაქოს ნაწარმის სადა, სტანდარტიზებული შეფუთვის ნორმის შემოღება, რომლის ბოლო ვადად, ალიანსის ინფორმაციით, 2022 წლის 31 დეკემბერი იყო განსაზღვრული. თამბაქოს კონტროლის ალიანსი განცხადებაში ინიციატივის ხელის შემშლელად თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენელ კომპანიებს ასახელებს.  

"პარლამენტარებმა ისკო დასენმა, გოჩა ენუქიძემ და დავით სონღულაშვილმა თამბაქოს ინდუსტრიის საკანონდებლო ინიციატივა დაარეგისტრირეს, რომლის მიღების შემთხვევაში თამბაქოს ნაწარმის სადა, ანუ სტანდარტიზებული შეფუთვის ნორმა 2022 წლის 31 დეკემბერს ვერ ამოქმედდება და კიდევ ორი წლით გადაიწევს.  

კანონის ცვლილების ინიციატორია კომპანია "ფილიპ მორისი", რომელიც უკრაინის ომით მანიპულირებს და ცდილობს საქართველოს პარლამენტი და მთავრობა დაარწმუნოს, რომ ომის გამო (მისი რამდენიმე ბრენდი უკრაინიდან შემოდის) დროულად ვერ შეძლებს ტექნიკური საკითხების მოგვარებას და თამბაქოს პროდუქციის სადა შეფუთვით ბაზრისთვის მიწოდებას.

საერთაშორისო პრაქტიკით, სადა შეფუთვის ძალაში შესვლამდე, 2-3 თვით ადრე მტკიცდება ტექნიკური რეგლამენტები, რაც ინდუსტრიისთვის საკმარისი დროა შესაბამისი ფერის კოლოფების (მით უმეტეს, კოლოფების ზომები და ფორმები ფაქტიურად არ შეცვლილა) დასაბეჭდად და ბაზარზე განსათავსებლად. ამავე დროს, წინა დიზაინით დამზადებულ პროდუქციას სარეალიზაციოდ 2-3 თვით დარჩენის უფლება ეძლევა. შესაბამისად, თამბაქოს ნებისმიერ მწარმოებელს, რომელსაც პროდუქცია უკრაინიდან შემოაქვს, არანაირი ფიზიკური, ტექნიკური და "ფილოსოფიური" შეზღუდვა არ აქვს საიმისოდ, რომ სხვა ქვეყანაზე გადაეწყოს და რეგლამენტის შესაბამისად შეძლოს თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია. 

სადა შეფუთვის რეგულაცია ჯერ კიდევ 2018 წლის 1 იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა თამბაქოს ინდუსტრიის ლობირებით, 5 წლით - 2022 წლის 31 დეკემბრამდე გადავადდა. ინდუსტრია ამ დრომდე ამაოდ ცდილობს დაამტკიცოს, რომ აღნიშნული ნორმა არაეფექტურია. თუმცა, მთელი რიგი კვლევები საპირისპიროს მოწმობს. კოლოფების დიზაინის მიმზიდველობის დაკარგვა განსაკუთრებით მოზარდებში ამცირებს მოწევის დაწყების ალბათობას. 

მივმართავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ბატონ დავით სერგეენკოს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ დიმიტრი ხუნდაძეს, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს და ყველა პარლამენტარს, ვისთვისაც სულერთი არაა ჩვენი შვილების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ასევე თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციითა და ადამიანისა და ბავშვთა უფლებების კონვენციებით, ევროდირექტივებითა და ქვეყნის კანონდებლობით გარანტირებული უფლებები და არ დაუჭირონ მხარი თამბაქოს ინდუსტრიის ფინანსურ სარგებელზე აგებულ და არგუმენტებს მოკლებულ წინადადებას," - ნათქვამია თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებაში.

დღის ამბები