15 ნოემბერი 2024,   17:09
ვრცლად
"მხარს ვუჭერთ ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან დაკავშირებით" - ევროპელი სახელმწიფო მინისტრების შეფასებები აპლიკანტ ტრიოზე

ორი დღე რჩება ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვან სამიტამდე, რომელზეც ნათელი გახდება გაითვალისწინებს თუ არა ევროკავშირის 27 ლიდერი იმ რეკომენდაციებს, რაც ევრო კომისიამ ევროკავშირში გაწევრიანებისა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართულებით სამ ასოცირებულ ქვეყანაზე - უკრაინაზე, საქართველოსა და მოლდოვაზე გასცა. საგარეო საქმეთა მინისტრების შემდეგ დღეს, ამ თემაზე, ლუქსემბურგში სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო მინისტრები ევროპის საკითხებში მსჯელობენ. შეხვედრაზე მისვლისას, მინისტრებმა განაცხადეს რომ მხარს უჭერენ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის, საქართველოსთვის კი მტკიცე ევროპული პერსპექტივის მინიჭებას.

ხორვატიის სახელმწიფო მდივანი ევროპის საკითხებში, ანდრეია მეტელკო - ზგომბიჩი ამბობს, რომ ის სრულად ეთანხმება კომისიის შეფასებას საქართველოსთვის მტკიცე ევროპული პერსპექტივის მინიჭებასთან დაკავშირებით

"დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია კომისიის მოსაზრება სამი ქვეყნის წევრობის განაცხადზე. ხორვატია სრულად უჭერს მხარს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩვენ ასევე სრულად ვეთანხმებით კომისიის შეფასებას, საქართველოსთვის მტკიცე ევროპული პერსპექტივის მინიჭებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ჩვენი ევროპული ერთიანობა, სოლიდარობა და ყოველგვარი სახის მხარდაჭერა უკრაინისადმი", - განაცხადა მეტელკო-ზგომბიჩმა.

ირლანდიის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, თომას ბირნი აცხადებს, რომ იგი მოხარულია, რომ ირლანდიამ წამყვანი როლი ითამაშა აღნიშნული ქვეყნების ევროინტეგრაციის პროცესში.

"დღევანდელი საბჭოს შეხვედრის მთავარი თემა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის, საქართველოსთვის კი ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხია. მოხარული ვარ, რომ ირლანდიამ წამყვანი როლი ითამაშა აღნიშნული ქვეყნების ევროინტეგრაციის პროცესში, რაც სარგებლის მომტანი იქნება არამხოლოდ ამ ქვეყნებისთვის, არამედ მთლიანად ევროკავშირისთვის", - აცხადებს ბირნი.

სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტანია ფაიონის განცხადებით, სლოვენია მხარს უჭერს ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციას, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საკითხთან დაკავშირებით.

"ჩვენი დებატები დღეს ევროპის მომავალს შეეხება. ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირის გაფართოების საკითხს, და ამ კონტექსტში უპირველეს ყოვლისა ყურადღებას გავამახვილებთ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზე. სლოვენია მხარს უჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას როგორც უკრაინისთვის, ასევე მოლდოვისთვის, ისევე როგორც საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ ვემზადებით ევროპის საბჭოს სამიტისთვის, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება," - თქვა ფაიონმა.

დღის ამბები