15 ნოემბერი 2024,   17:07
ვრცლად
მოგმართავთ მშვიდობიანი მანიფესტანტების ქურქებში გამოწყობილ რადიკალებს, ევროპული იდეა გაცილებით მეტ ადამიანს გვაერთიანებს, მათ შორის ბევრი გუშინ იდგა რუსთაველზე - არჩილ თალაკვაძე

საქართველოს ევროპული არჩევანი არის ისტორიული და ის ცალკე არც ერთ ოპოზიციურ ლიდერს და არც ერთ ადამიანს არ ეკუთვნის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა პარტიამ თავის ისტორიას გადახედოს, რეალურად, ვინ რა გააკეთა ამ ქვეყნაში ევროპული.

„საქართველოს კონსტიტუციაში უწერია ევროპული არჩევანი. ეს მიზანი არ და ვერ შეიცვლება ვერანაირ მოცემულობაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გვეამაყება, რომ საქართველოს მოქალაქეების უდიდეს ნაწილს ეს მიზანი გვაერთიანებს. უდავოდ, საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც ევროინტეგრაციის გზაზე ვდგამთ ახალ, ხელშესახებ ნაბიჯებს, ყველას გვახსენდება ბატონი ზურაბ ჟვანიას სიტყვები – მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი. საქართველოს ევროპული არჩევანი არის ისტორიული და ის ცალკე არც ერთ ოპოზიციურ ლიდერს და არც ერთ ადამიანს არ ეკუთვნის. ეს არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების გადაწყვეტილება, რომელიც არაერთხელ უკვე გაახმოვანა სხვადასხვა თაობამ. მშვიდობიანი მანიფესტანტების ქურქებში გამოწყობილ რადიკალებს, რომლებიც გუშინ უკანა რიგებში იმალებოდით, რათა ხალხს არ დაენახეთ, რადგან ისინი კარგად გიცნობენ, მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი და ევროპული იდეა გაცილებით მეტ ადამიანს გვაერთიანებს, მათ შორის ბევრი გუშინ იდგა რუსთაველზე. რა თქმა უნდა, ასევე ბევრიც გუშინ იდგა საზღვრებზე, იცავდა ქვეყანას, ბევრი იცავდა წესრიგს და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას. ბევრიც სასწრაფოს ავტომობილში მორიგეობდა.

ყველა პარტიამ თავის ისტორიას გადახედოს, რეალურად, ვინ რა გააკეთა ამ ქვეყნაში ევროპული, რადგან ევროპა არის ადამიანის უფლებების პატივისცემა, ევროპა არის განათლება და ჯანდაცვა, ევროპა არის სიტყვის თავისუფლება და მრავალფეროვანი მედია, კანონის უზენაესობა, საკუთრების უფლების დაცვა, ბიზნესის თავისუფლება. ევროპა არის პოლიტიკური პლურალიზმი და წარმომადგენლობითი პარლამენტი. ევროპა არის არჩევნების შედეგების პატივისცემა და არა ბოიკოტი. ევროპა არის უნარი, რომ რაღაც ახლის ასაშენებლად არ დაანგრიო რაიმე უფრო მნიშვნელოვანი. ევროპა არის სტაბილურობა, უსაფრთხოება, როცა მოქალაქეებს პროგნოზის გაკეთება შეუძლიათ უსაფრთხო, მშვიდობიან მომავალს როცა ხედავს საზოგადოება. ეს ჩამონათვალი შემთხვევით არ გამიკეთებია. ყველა კარგად დავფიქრდეთ, მართლა ვინ, რა გააკეთა ამ მიმართულებით. მაგრამ ახლა მომავლისკენ უნდა გავიხედოთ. როცა რეგიონში ომია და დიდი გამოწვევების წინაშე ვართ, აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა და ერთიანობა. რაც ქართული და ევროპული გაკეთდა საქართველოში კი არ უნდა დავგმოთ და გავანადგუროთ, პირიქით, დავიცვათ, შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ. სწორედ ეს დაგვეხმარება ევროპულ გზაზე. ხელისუფლება განვაგრძობთ თანამშრომლობას ევროკავშირთან და სწრაფვას საერთო ევროპული ოჯახისკენ. საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერა ამ მიმართულებით დიდ მოტივაციას გვაძლევს. ამ რთულ მომენტში წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მეგობარ უკრაინას და მოლდოვას, შევხვდებით ევროპაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები