ირაკლი ღარიბაშვილი დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების კვირეულის გახსნას დაესწრო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წეროვანში, დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე შეკრებილ ჯარისკაცებს მიმართა.
მთავრობის მეთაურმა დაჭრილ და დაშავებულ ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ ყველაზე მეტი გააკეთეს საქართველოსთვის.
"მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, თავდაცვის ძალების მეთაურო, ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, ძვირფასო სტუმრებო!
მივესალმები აშშ-ის ელჩის მოადგილეს, ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, ჩვენს გმირ მეომრებს, ყველას მოგესალმებით, ქედს ვიხრი თქვენ წინაშე!
ჩვენს დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს, ჩვენს დაუმარცხებელ სამხედროებს მივესალმები კიდევ ერთხელ, და მინდა, როგორც მთავრობის მეთაურმა და როგორც რიგითმა ქართველმა, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი თავგანწირვისთვის, თქვენი თავდადებისთვის. შეიძლება ემოციურად გითხრათ, მაგრამ აბსოლუტურად გულწრფელი ვარ, თქვენ ყველაზე მეტი გააკეთეთ ჩვენი ქვეყნისთვის, ყველაზე ძვირფასი - საკუთარი ჯანმრთელობა გაწირეთ ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის. ასე რომ, კიდევ ერთხელ მე მინდა დიდი პატივისცემა დაგიდასტუროთ, დიდი პატივია ჩემთვის თქვენ წინაშე გამოსვლა.
ჩვენ, პატარა ქვეყანამ და ძალიან ძლიერმა ხალხმა ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ მსოფლიო თანამეგობრობისთვის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებისთვის, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, და ამ ბრძოლაში ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ გულწრფელი, ყოველთვის ვაკეთებდით და ვაკეთებთ იმას, რისიც გვჯერა და გვწამს. ეს არ ყოფილა მხოლოდ რაღაც ცალმხრივი ვალდებულება ჩვენი მხრიდან აღებული, არამედ ეს იყო ძლიერად ჩამოყალიბებული აზრი, მოტივაცია იმისა, რომ ჩვენ, საქართველოს და ქართველებს, გვსურს ჩვენი კონტრიბუცია შევიტანოთ მსოფლიოში მშვიდობისა და წესრიგის დამყარებაში და ჩვენ ეს არაერთგზის გავაკეთეთ, დავამტკიცეთ. სხვა დიდ ერებთან შედარებით, გამორჩეული კონტრიბუცია გვქონდა ყველგან, იქნებოდა ეს ერაყი, ავღანეთი, კოსოვო, ცენტრალური აფრიკა, და ყველგან, თქვენ, ძვირფასო მეომრებო, ჩვენო საამაყო ჯარისკაცებო, ყოველთვის სასახელოდ, ამაყად წარმოაჩინეთ ჩვენი დიდი ცივილიზაციისა და დიდი კულტურის მქონე ქვეყანა, ჩვენი საქართველო.
ჩემთვის დიდი პატივი იყო მემსახურა თქვენთან ერთად მინისტრის რანგში, ახლა კი, უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს პატივისცემასა და მოკრძალებას, ქედს ვიხრი თქვენ წინაშე, გავაკეთებ მაქსიმუმს, იმისთვის, რომ უფრო მეტად დაფასებული იყოს ჩვენი ჯარი, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ჯარი და გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა. ღმერთმა დალოცოს ჩვენი საქართველო და ჩვენი ჯარი!
ჩვენ ამ ომებში, ძვირფასო მეგობრებო, არაერთი სისხლი გავიღეთ, 35 გმირი ჯარისკაცი შეეწირა ამ იდეას, იდეას, რომელიც უკავშირდება მსოფლიოში წესრიგის დამყარებას, საერთაშორისო უსაფრთხოებას, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და ა.შ. და ასეულობით ჩვენი გმირი ჯარისკაცი უმძიმესად დაიჭრა, მათ სამუდამოდ გაიღეს ჯანმრთელობა, შეწირეს საკუთარი ყველაზე ძვირფასი - ზოგმა სიცოცხლე, ზოგმა ჯანმრთელობა,"- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველო იმსახურებდა მეტს და, თუ ვინმე იმსახურებდა ასოცირებულ ტრიოში კანდიდატის სტატუსს, იმსახურებდა ჩვენი ქვეყანა. თუმცა, გასაგებია ისიც, რომ დღეს მსოფლიოში სხვა კონიუნქტურაა, სხვა, ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს, რასაც ქვეყანა მშვიდად უნდა შეხვდეს და განაგრძოს წინსვლა.
"კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი თქვენ წინაშე. ჩვენ თქვენთან ვალში ვართ და ამ ვალს ვერასოდეს გადავიხდით, რაც არ უნდა გააკეთოს მთავრობამ და ნებისმიერმა მთავრობამ, ნებისმიერმა მინისტრმა, პრემიერ-მინისტრმა თუ პრეზიდენტმა, ჩვენ ყოველთვის თქვენ წინაშე ვალში ვართ. ეს არ არის შემთხვევითი სიტყვები და ეს არ არის იმისთვის, რომ ვინმეს თავი მოვაწონოთ. ეს ჩვენი ვალდებულებაა. ეს დღეები ჩვენ კარგად გვესმის, რომ საკმაოდ ემოციური დღეებია და მე მინდა გაგიზიაროთ ჩემი ხედვა კიდევ ერთხელ, ამის თაობაზე საჯაროდაც ვისაუბრე და საჯაროდ გამოვთქვი ჩემი გულისტკივილი. ერთ-ერთი გამოკვეთილი არგუმენტი ჩვენი ქვეყნის, საქართველოსი, რის გამოც ჩვენ უფრო მეტს ვიმსახურებდით და ასეთი მოქცევა არ შეიძლებოდა და იყო უსამართლო, სწორედ ის ფაქტებია, რომელიც მე ჩამოვთვალე, - ჩვენ მიერ გაღებული სისხლი, ჩვენი ბრძოლა, ომი. ჩვენ სამჯერ ვიომეთ რუსეთის ჯარის წინააღმდეგ.
მას შემდეგ, რაც ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა, 2008 წელს, თქვენ, ჩვენმა ჯარმა აჩვენა სამაგალითო გმირობა. ჩვენ არავის ჯარს არ ვედრებით, მაგრამ ქართველები ორი მთავარი ძალით მოვედით, ეს არის ჩვენი რწმენა, სარწმუნოება, ეკლესია და ჩვენი ჯარი, ჩვენი ხალხი, ჩვენი მეომარი სული. დღეს, სამწუხაროდ, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. რა თქმა უნდა, მე არავის წარმატება არ მშურს, პირიქით, მიხარია უკრაინელების წარმატებაც, მოლდოველებისაც და ყველასი, მაგრამ საქართველო იმსახურებდა მეტს და, თუ ვინმე იმსახურებდა ამ სამ ქვეყანაში, ვიმსახურებთ ჩვენ.
გასაგებია, მეგობრებო, ჩვენ ყველას კარგად გვესმის დღეს მსოფლიოში სხვა კონიუნქტურაა, სხვა, ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს, მთელ მსოფლიოში, ჩვენ ამას მშვიდად უნდა შევხვდეთ და გავაგრძელოთ წინსვლა, ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, ჩვენი ჯარის გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის დაცვა, ჩვენი ხალხის დაცვა და ჩვენი მთავარი ოცნება, რომ ყველამ ერთ დღეს, და ეს დღე რაც შეიძლება მალე უნდა დადგეს, შევხვდეთ გაერთიანებულ, ერთიან, ძლიერ საქართველოში, აი, ეს უნდა იყოს მთავარი გამაერთიანებელი იდეა ჩვენი ერის და ჩვენი ხალხის.
მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს, საელჩოს წარმომადგენლობას, სამხედრო ატაშეს, ყველას, ვინც გულწრფელად ეხმარებით ჩვენს ჯარს, ჩვენი ჯარის გაძლიერებას და მრავალი წელია ჩართული ხართ ამ რეფორმირების პროცესში. თუნდაც, ეს არაჩვეულებრივი ცენტრი სწორედ ამერიკის მთავრობის დაფინანსებით და ჩვენი თანადაფინანსებით არის გაკეთებული. ამისთვის, კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ და ყველა ჩვენს პარტნიორს, ვინც გულწრფელად ეხმარება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ჯარს,"- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრმა და აშშ-ის ელჩის მოადგილემ.
ჯუანშერ ბურჭულაძემ დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების სოციალური დაცვის გარანტიებზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, სახელმწიფო სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისთვის არაერთ პროექტს ახორციელებს და მუდმივად ზრუნავს შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ტექნიკის გაუმჯობესებაზე.
სიტყვით გამოსვლების შემდეგ, სარეაბილიტაციო ცენტრის ტერიტორიაზე პირველი სპორტული ღონისძიება გაიმართა. დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები ერთმანეთს ველორბოლაში შეეჯიბრნენ.
კვირეულის ფარგლებში შეჯიბრებები გაიმართება კალათბურთში, სხვადასხვა დისტანციაზე სირბილში, სროლაში, მაგიდის ჩოგბურთში, ფრენბურთსა და პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში. ღონისძიებების ფარგლებში, ღია კარის დღე გაიმართება დაჭრილი სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. დაგეგმილია სამხედრო ტექნიკის გამოფენა და გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის.
30 ივნისი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეა. კვირეულის გახსნის ოფიციალური ღონისძიება მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწესებულ დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს 2021 წლიდან აღნიშნავს.