კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ ევროკომისიის მიერ წაყენებული 12 პირობა წლის ბოლომდე უნდა შესრულდეს. ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში ახლა იმ პუნქტებზე მუშაობაა, რომლის გათვალისწინებაც ევროპული პერსპექტივიდან ქვეყანას კანდიდატის სტატუსამდე მიიყვანს.
პარტია "ლელოში" ამბობენ, რომ პირობების შესასრულებლად პარლამენტმა საგანგებო დღის წესრიგით უნდა იმუშაოს. მათივე განმარტებით, საკითხზე კონსულტაციები სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც მიმდინარეობს.
იმისთვის, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები შესრულდეს, მმართველ გუნდში შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრობენ. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მათი მხრიდან გადადგმული ყველა შემდგომი ნაბიჯი გავლილი იქნება ევროკომისიასთან, რათა საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსი უმოკლეს ვადებში მიიღოს.
დეპოლარიზაცია, ევროკავშირის დოკუმენტში გაწერილი თორმეტი მოთხოვნიდან ერთ-ერთი მთავარი და პირველია. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ამ პუნქტის შესრულების პროცესში ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს, პირობების შესასრულებლად კი "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინოს.
მმართველი გუნდის ოპონენტების მეორე ნაწილის აზრით მოთხოვნების იმ ნაწილში, სადაც პოლარიზაციის აღმოფხვრაზეა საუბარი, გარკვეული პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც ეკისრება.
ევროკომისიის მთავარი რეკომენდაციის გათვალისწინებისთვის ოპოზიციის სურვილს ვერ ხედავენ "ქართულ ოცნებაში". მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირის 12 პუნქტიანი მოთხოვნები უმოკლეს ვადებში შესრულდეს. ამბობენ, რომ პირველ პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც პოლარიზაციის დასრულებას გულისხმობს, ოპოზიციას თანამშრომლობის ხელი გაუწოდეს, თუმცა ოპონენტებისგან პასუხად უარყოფა მიიღეს.