დავით არახამია განცხადებას, სადაც უკრაინის რადაში პარტია "ხალხის მსახურის" ფრაქციის ლიდერი ამბობს, რომ "საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება", ლევან დავითაშვილი გამოეხმაურა.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, არახამიას სიტყვები არის მხოლოდ ბრალდება, რომელიც არ არის ფაქტებით გაჯერებული.
"ეს იყო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებები, როგორც წინა შემთხვევებში, როდესაც არანაირი ფაქტები არ ამყარებდა, დღესაც იგივეა. მოვისმინეთ მხოლოდ საუბარი ბრალდებებზე, მაგრამ ეს არ არის ფაქტებით გამყარებული. მან უნდა წარმოადგინოს ფაქტები. ნებისმიერი ბრალდება, როდესაც ნებისმიერი ადამიანი სხვას ბრალს დებს უნდა იყოს გამყარებული ფაქტებით. ასევე, ვფიქრობ, რომ ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი ჩარევა საქართველოს სახელწიფო საქმეებში, სხვა ქვეყნის პოლიტიკოსის მხრიდან, რომელიც თითოეული ქართველისთვის არის შეურაცხმყოფელი, მიუღებელი და განსაკუთრებით, როდესაც ის ადამიანი შეიძლება ეთნიკურად ქართველი იყოს," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.