19 მაისი 2024,   07:20
ვრცლად
უკრაინა და ომის 192-ე დღე - მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კვლავ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურია

დაბომბვით დაიწყო დილა მიკოლაევში. რუსეთის მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშებს 8 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანია.

გრძელდება შეტევები დნეპროპეტროვსკის ოლქზეც, რუსებმა ტერიტორიაზე ფრთოსანი რაკეტებით და გრადის საარტილერიო სისტემებით მიიტანეს იერიშები. შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

ოკუპანტებმა იერიშები მიიტანეს დონეცკზეც, რასაც 3 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, მხოლოდ 3 დღეში უკრაინელმა დამცველებმა ბაირაქტარებით რუს სამხედროებს 26 მილიონი დოლარის ზარალი მიაყენეს. უკრაინულმა მხარემ ქალაქ ენერგოდარის ირგვლივ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად იერიშები განახორციელა. განადგურდა მტრის სამი საარტილერიო სისტემა, საბრძოლო მასალის საწყობი, ლიკვიდირებულია ათობით რუსი ჯარისკაცი.

მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კვლავ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურია. სწორედ ეს იყო განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის. რეჯეფ ტეაფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ თურქეთს ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის საკითხში ფასილიტატორის როლის შესრულება შეუძლია. ელექტროსადგურთან დაკავშირებით განცხადება კიდევ ერთხელ გაავრცელა საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელმაც.

ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის უსაფრთხოების საკითხები ყველაზე მეტად ადგილობრივებს აშფოთებთ.

ომის პარალელურად, უკრაინაში ომის დანაშაულებს იძიებენ. გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით ომის დაწყებიდან 31 500 ზე მეტი ომის დანაშაულია აღრიცხული.

 

ავტორი: თიკო ცერცვაძე 

 

 

დღის ამბები