19 მაისი 2024,   03:44
ვრცლად
ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია ალბათ შესაძლებელია, მაგრამ უკრაინელი ხალხის ოკუპაცია ნამდვილად შეუძლებელია - ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი დეოკუპირებულ იზიუმში ჩავიდა. ქალაქში უკრაინის სახელმწიფო დროშა აღმართეს. ღონისძიებაზე დამსწრე პირებმა თავდაპირველად წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულების ხსოვნას. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს უკრაინული მიწების გათავისუფლებისთვის და თქვა, რომ სახელმწიფო დროშა ყველა ქალაქში აღიმართება.

"ადრე, როცა მაღლა ავიხედავდით, ყოველთვის ვეძებდით ცისფერ ცას, მზეს, დღეს კი, ზემოთ ახედვისას, ჩვენ და განსაკუთრებით დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხი, მხოლოდ ერთს ვეძებთ - ჩვენ სახელმწიფო დროშას. ეს ნიშნავს, რომ გმირები აქ არიან, ეს ნიშნავს, რომ მტერი წავიდა, გაიქცა. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ხალხის, ჩვენი გულების, შვილების და მომავლის გადარჩენისთვის.

ბოლო თვეები ძალიან რთული იყო თქვენთვის, ამიტომ გთხოვთ: გაუფრთხილდით საკუთარ თავს, თქვენ ხართ ყველაზე ძვირფასი, რაც გვაქვს. ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია ალბათ შესაძლებელია, მაგრამ ჩვენი ხალხის, უკრაინელი ხალხის ოკუპაცია ნამდვილად შეუძლებელია," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა რუსების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზეც ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ რუსეთის ხელისუფლებას ამ ქმედებების გამო ტრიბუნალი ელის:

"ის, რასაც აქ ვხედავთ ჩემთვის შოკისმომგვრელი არ არის. რა თქმა უნდა, ნანახი ზოგადად შოკისმომგვრელია, მაგრამ არა ჩემთვის, რადგან ჩვენ იგივე სურათები ვნახეთ ბუჩაში. დანგრეული შენობები, მოკლული ხალხი. ეს ჩვენი რეალური ისტორიის ნაწილია, ეს არის თანამედროვე რუსეთის სახე. დიახ, ეს მათ გააკეთეს. მე მსურს მადლობა გადავუხადო საერთაშორისო პარტნიორებს გამომძიებლებისა და პროკურორების უკრაინაში გამოგზავნისთვის, რომელებიც გვეხმარებიან დეოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით მასალების შეგროვებაში. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ამ პროცესს დრო სჭირდება. ჩვენი გენერალური პროკურატურა მუშაობს, ასრულებს მნიშვნელოვან ამოცანებს. ისინი საშუალებას აძლევენ ჟურნალისტებსაც და გამომძიებლებსაც მივიდნენ ამ ადგილებში და მოიძიონ მნიშვნელოვანი დეტალები. შემდეგ კი, დარწმუნებული ვარ, იქნება ამ ყველაფერზე განაჩენი, იქნება ტრიბუნალი. ამაში ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი," - აღნიშნა ზელენსკიმ.

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები