19 მაისი 2024,   07:58
ვრცლად
მსოფლიო პატრიარქი და იერუსალიმის პატრიარქი ილია მეორეს იუბილეს ულოცავენ

მსოფლიო პატრიარქი და იერუსალიმის პატრიარქი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 90 წლის იუბილეს ულოცავენ. მისალოც წერილებში ისინი ილია მეორეს ჯანმრთელობას უსურვებენ.

"უნეტარესო და უწმინდესო მთავარეპისკოპოსო მცხეთა-თბილისისა, კათოლიკოს-პატრიარქო სრულიად საქართველოისა და მიტროპოლიტო ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, ქრისტეს მიერ ფრიად საყვარელო და სასურველო ძმაო და ჩვენთა მდაბალთა თანამწირველო, თქვენსა ღრმად პატივცემულ უნეტარესობას, ბატონო ილია, უფლისმიერ ძმური სიყვარულით მოვუდრეკთ ქედსა და სიხარულით მივუმძღვარებთ სიტყვასა ჩვენსა!

სიხარულითა მოვიკითხავთ თქვენსა ფრიად საყვარელსა და განბრძნობილსა უნეტარესობასა, რაითა თანაზიარ ვიქმნეთ სიხარულითა გულისათა და დაურღვეველითა საკვრელითა გონთ აღმატებულისა მშვიდობისათა, სულიერისა და სიხარულშემოსილისა ლხინისა ამის, მადლითა ღმრთისათა, კურთხეულისა ოთხმოცდაათისა წელიწადისა შობითგან თქვენისა და ორმოცდახუთისა წელიწადისა დღიდან გამორჩევისა თქვენისა!

წელი ოთხმოცდაათი ამქვეყნიურისა ცხოვრებისა თქვენისა, რომელთა ნახევარი ჰმსახურეთ ვითარცა მწყემსმთავარმან! ვმადლობთ უფალსა, რომელმან უბოძა საჭე უწმინდესისა და ფრიად საყვარელისა ეკლესიისა საქართველოისა ხელთა თქვენთა და ვითარცა თანამოსახელემ ილია თეზბიტელისა, მიირქუთ იგი მტკიცემან და მედგარმან საჭეთმპყრობელმან ჟამსა ძნელბედობისასა, რაისთვისცა სამწყსო თქვენი უმეტესად ჰსასოებს მწყემსსა თვისსა, დაცვისათვის უქცეველად სჯულისა ქრისტესისა!

ამისთვისცა წადიერნი შევიქენით გამოთქმად სიხარულისა საპატრიარქოთა და ძმურთა წერილთა ამათ მიერ, სიხარულისა ქრისტეს დიდისა ეკლესიისა და კერძოდ ჩვენისაცა, თქვენისა დიდებულისა იუბილისდა გამო, მოძღვნად მადლობისა გულთაგან ჩვენთა ყოველთათვის, რაიცა შესწირენით წინასწარმეტყველისებრითა მოშურნეობითა და კუალადცა შესწირავს მეუფება თქვენი, საყვარელსა, ღმრთისმოსავსა, წმინდათმოყვარესა და ღირსებაშემოსილსა ერსა ქართველთასა და რაისაცა ჭეშმარიტნი მოწამენი შევიქენით ჩვენცა, მხილველნი და მცნობელნი პატივისა, რომლითა გმოსავთ სრულიადცა მორწმუნე ერი ესე!

უფალმან ღმერთმან, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა და დიდებულისა დედისა თვისისათა და შეწევნითა ზეციურისა მფარველისა თქვენისათა მიჰმადლოს ჯანისა სიმრთელე და სულისა სიმტკიცე და სხეულისა ძალი თქვენსა პატიოსანსა უნეტარესობასა, რომელისაცა მიმგებელნი ძმურისა ამბორისა, მარადის დავიმარხავთ შინაგან ჩვენსა გულითადსა სიყვარულსა უფლისამიერსა და კრძალულებასა და პატივსა ფრიადსა!" - წერია წერილში.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 90 წლის იუბილეს ულოცავს იერუსალიმის პატრიარქი, თეოფილე ΙΙΙ.

"უნეტარესო, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსო და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, ჩვენი უმდაბლესობის, ქრისტე ღმერთში ფრიად საყვარელო ძმაო და თანამწირველო, უფალო ილია, თქვენს სასურველ უნეტარესობას, უფლისმიერი ძმობით ვეხვევით და განსაკუთრებული სიხარულით ვესალმებით.

ამ ჩვენი საპატრიარქო და ძმური წერილით, თქვენის ფრიად საყვარელი და სასურველი უნეტარესობისადმი გამოვთქვამთ მხურვალე მილოცვებს, დაბადების 90 და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საყდარზე თქვენი აღსაყდრების 45 წლისთავთან დაკავშირებით.

ვლოცულობთ, ყოვლადწმიდა და ცხოველსმყოფელი საფლავის წინაშე, რათა მისგან, მადლთა მომცემელმა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, მოგანიჭოთ უხვად მისი მადლი, რათა გააგრძელოთ თქვენი პატრიარქული სამწყემსო მსახურება, ღვთივსათნო და ქველი საქმეების გამდიდრებით, ქრისტესმოყვარე თქვენი ერის სასიკეთოდ და ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობის დასაცავად “საკრველითა მით მშვიდობისაჲთა (ეფეს 4.3)“, რათა იგალობებოდეს და იდიდებოდეს “ყოვლად პატიოსანი და დიდადშვენიერი სახელი მისი, მამისა და ძისა და სულისა წმინდისა“ საუკუნოდ." - ნათქვამია თეოფილე მესამის წერილში.

დღის ამბები