19 მაისი 2024,   08:06
ვრცლად
"მერაბიშვილმა უპასუხა აგდებულად და თქვა, რაღა დროს ბუტა რობაქიძეაო, სწორედ ამან გამოიწვია მდგომარეობიდან გამოსვლა და ხელის მოქნევა" - გიგიშა შარაშიძის ადვოკატი

მივა თუ არა პოლიციაში გამოკითხვაზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ცემის ფაქტზე ვანო მერაბიშვილი გამოძიებასთან ამ დრომდე არ თანამშრომლობს.

უკვე გამოიკითხა გიორგი შარაშიძე, რომელმაც ფიზიკური ძალადობის ფაქტი "კურიერთან" ექსკლუზიურად დაადასტურა. სწორედ ამის შემდეგ დაიბარეს ის პოლიციის განყოფილებაში.

გია გაჩეჩილაძის სიძემ საჯაროდ აღიარა, რომ ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ფიზიკურად გაუსწორდა. ახლა ვანო მერაბიშვილზეა დამოკიდებული, როგორ წარიმართება გამოძიება.

ამასთან, გიგიშა შარაშიძის ადვოკატის განცხადებით, ვანო მერაბიშვილზეა დამოკიდებული რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. 

უფლებადამცველი ამბობს იმასაც, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის აგრესიული რეაქცია გამოწვეული იყო მერაბიშვილის მხრიდან ბუტა რობაქიძეზე აგდებული ტონით საუბრით. 

"ჯერ მიამსგავსა, შემდეგ დასაზუსტებლად ჰკითხა ვანო ხარ მერაბიშვილიო?! მე ვარ ბუტა რობაქიძის მეგობარი, ხომ გახსოვს ბუტა რობაქიძე. როგორც თვითონ ამბობს, გიორგის აინტერესებდა მისი რეაქცია, რამდენად გამოხატავდა სინანულს, ან რამდენად აგდებულად უპასუხებდა. გამოვიდა, რომ მან უპასუხა აგდებულად და თქვა, რომ რაღა დროს ბუტა რობაქიძეაო.

სწორედ ამან გამოიწვია მისი მდგომარეობიდან გამოსვლა და ხელის მოქნევა. სულ 2-3 ხელის მოქნევა იყო და შემდეგ წიხლის მოქნევა. თუ ადამიანს არც ერთი ის ხარისხის დაზიანება არ აღენიშნება, რასაც მუხლები ითვალისწინებს, მაშინ, ასეთ შემთხვევაში, როგორ შეიძლება ბრალის წაყენება.

როდესაც სასამართლო გაიმართება და მოვა ე.წ. დაზარალებულად ცნობილი ვანო მერაბიშვილი და იქ იტყვის, არა ბატონო, იყო რაღაც ინციდენტი, შეხლა-შემოხლა, თუნდაც ხელის მოქნევა, მაგრამ მე არ მაქვს არანაირი დაზიანება და არც ფიზიკური ტკივილი განმიცდია, რა თქმა უნდა, მოსამართლე ვალდებული იქნება გამამართლებელი განაჩენი გამოიტანოს. რა პოზიციას დაიკავებს ვანო მერაბიშვილი, იმაზეა დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება ეს საქმე, ან გაგრძელდება თუ არა,"-აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.

დღის ამბები