18 მაისი 2024,   22:33
ვრცლად
"ინფორმაცია თითქოს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა სამუშაო პირობები გაუარესდა, არ შეესაბამება სიმართლეს" - უწყება განცხადებას ავრცელებს

გავრცელებული ინფორმაცია თითქოს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა სამუშაო პირობები გაუარესდა, არ შეესაბამება სიმართლეს - ამის შესახებ განცხადებას თავად უწყება ავრცელებს. 

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით გატარდა რიგი ღონისძიებები.

"კერძოდ:

2022 წელს დაწესდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალისთვის უქმე დღეებში ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება და 125 % -იანი ტარიფით განისაზღვრა;

შეიცვალა და გაიზარდა ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ანაზღაურება, რაც სახელფასო საათობრივი ანაზღაურების 12 %-ით განისაზღვრა;

2022 წელს ცენტრის თანამშრომლებს სამჯერ დაერიცხათ სახელფასო დანამატი;

2023 წლის დასაწყისიდან, ისევე როგორც სხვა საჯარო მოხელეთა ასევე ცენტრის თანამშრომელთა ხელფასები 10 % -ით გაიზარდა;

2022 წელთან შედარებით, 2023 წელს, ცენტრის თანამშრომლები, ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევის გაუმჯობესებული პაკეტით. ამ მიმართულებით ცენტრის ადმინისტრაცია სატენდერო პროცედურებს ახორციელებს. აღნიშნულის შესახებ ცენტრის თანამშრომლები ინფორმირებულები არიან, შესაბამისად გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ცენტრის თანამშრომლებს გაუუქმდათ ჯანმრთელობის დაზღვევა არ შეესაბამება სიმართლეს;

ასევე, არ შეესაბამება სიმართლეს ავტომობილების დაზღვევის გაუქმებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია.მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დაზღვეულია ცენტრის ავტოპარკში არსებული ყველა ავტომობილი. ავტომობილების დასუფთავების სამუშაო ყოველდღიურ რეჟიმში ინტენსიურად მიმდინარეობს.

თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ცენტრის ავტოპარკისა და სამედიცინო აღჭურვილობის განახლება, არსებული ფილიალების რემონტი და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობა მზად არის გააგრძელოს თანამშრომლებთან შეხვედრები სამუშაო ფორმატში," - ნათქვამია განცხადებაში. 

დილიდან საპროტესტო გზავნილები ისმის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან. პროფკავშირებმა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებთან ერთად, აქცია გამართეს. ექიმები და მძღოლები ხელფასების მატებას და ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ.

მედიკოსებს ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა სურთ. აქციის მონაწილეების თქმით, გროვდება ხელმოწერებიც.

დღის ამბები