19 მაისი 2024,   08:09
ვრცლად
5 ივლისის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას სააპელაციო სასამართლოში ხმაური მოჰყვა

5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მსჯავრდებულების მიმართ განაჩენის გამოცხადებას სააპელაციო სასამართლოში, დაკავებულების მხრიდან ხმაური მოჰყვა.

დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა შეურაცხყოფა მიაყენეს, როგორც ბრალდების მხარის წარმომადგენლებს - პროკურორებს, ისე ჟურნალისტებს. სიტუაციის განმუხტვაში მანდატურის სამსახურის თანამშრომლების ჩარევა გახდა საჭირო.

5 ივლისის საქმეზე დაკავებულ 6-ივე პირს სასჯელი შეუმსუბუქდა. სააპელაციო სასამართლომ ჯგუფური დანაშაულის ბრალდებაში ისინი გაამართლა, მედიაზე ძალადობის ბრალდებით ნაწილში  კი მათ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. პირველი ინსტანციის სასამართლომ კი მათ 5 წელი მიუსაჯა.

მედიაზე ძალადობაში მსჯავრდებულების ადვოკატებმა დღეს სასამართლო უკომენტაროდ დატოვეს, შესაბამისად უცნობია გაასაჩივრებენ თუ არა ისინი ზემდგომ ინსტანციაში დღევანდელ განაჩენს.

რაც შეეხება პროკურატურას, ბრალდების მხარეს დაუსაბუთებლად მიაჩნია დღევანდელი განაჩენი და აპირებს მის გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში.

"პროკურატურა კატეგორიულად არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ განაჩენს, ვინაიდან როგორც მოვისმინეთ, სააპელაციო სასამართლომ 225-ე მუხლის ნაწილში, რაც გულისხმობს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, მსჯავრდებულები გაამართლა, თუმცა დამნაშავედ ცნობ ბრალად წარდგენილ სხვა ქმედებებში. ამასთან, შეუმსუბუქა დანიშნული სასჯელი და განუსაზღვრა თითოეულ მათგანს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ბრალდების მხარე კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

მოგეხსენებათ, რომ პირველმა ინსტანციამ, როდესაც დამნაშავედ სცნო 225-ე მუხლის ნაწილში, დასაბუთებული განაჩენი ჩაგვაბარა, რასაც დავეთანხმეთ და გაიზიარა პროკურატურის მსჯელობა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ რატომ არ გაიზიარა, სანამ წერილობითი განაჩენი არ ჩაგვბარდება მანამდე ძალიან რთულია ვისაუბროთ," - განაცხადა პროკურორმა თამარ იაკობიძემ.

დღის ამბები