19 მაისი 2024,   02:34
ვრცლად
საგარეჯოს ცენტრში სროლის ხმა დაახლოებით ღამის პირველ საათზე გაისმა - თავდამსხმელმა უმისამართო სროლა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან დაიწყო

საგარეჯოს ცენტრში სროლის ხმა დაახლოებით ღამის პირველ საათზე გაისმა. შეიარაღებულმა მამაკაცმა უმისამართო სროლა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან დაიწყო. თავდამსხმელი ამ დროს სახლში შვილთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა 20 წლის ბიჭმა ბინიდან გაქცევა მოახერხა. შეიარაღებული პირი ადგილობრივებს ორივე მხრიდან ესროდა, სამიზნე იყო ყველა, ვინც ტერიტორიიდან გასვლა ვერ მოასწრო.

ადგილზე რამდენიმე წუთში სამართალდამცველების მობილიზაცია გამოცხადდა. შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა პოლიციელსაც, რომელიც იქვე მყოფ ახალგაზრდას გადაეფარა. სამართალდამცველი ზურგში ნასროლი ტყვიით დაიღუპა. თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა,. ხუთი დაჭრილი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულებიდან ერთ-ერთს, 30 წლამდე მამაკაცს სასწრაფო ოპერაცია საგარეჯოს საავადმყოფოში ჩაუტარდა, ახალგაზრდა ქალი კი თვალის არეში მიყენებული დაზიანებით თბილისში გადამოიყვანეს.

მალევე სამართალდამცველებმა კორპუსი ალყაში მოაქციეს, რის შემდეგაც მესამე სართულზე გამაგრებულმა თავდამსხმელმა თვითლიკვიდაცია მოახდინა. რა ვითარება დახვდა ბინაში შესულ სპეცრაზმს? ეს შემთხვევის ადგილზე მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა განმარტა.

თავდამსხმელი, 49 წლის ნოდარ ათუაშვილია. ის შეიარაღებულ ძალებში 2006 წლიდან მსახურობდა, მათ შორის მონაწილეობდა საერთაშორისო მისიებში. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი საგარეჯოში საცხოვრებლად დაახლოებით 5 წლის წინ გადავიდა და სახლში მარტო ცხოვრობდა. მეზობლები ამბობენ, რომ მას კონტაქტი თითქმის არავისთან ჰქონდა.

საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო.

დღის ამბები