03 ოქტომბერი 2024,   19:35
ვრცლად
პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა 2 მილიონი დაჯდება

მიუხედავად იმისა, რომ პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენის პროექტს დედაქალაქის საკრებულოში  მოწინააღმდეგეები ჰყავს, საკრებულო პროექტზე უარის  თქმას არ აპირებს. ქუჩაზე ახალი ესტაკადის მშენებლობა იგეგმება.  პროექტის განხორციელება წელსვე დაიწყება და ის 2 მილიონი ლარი დაჯდება. 

პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მიმოსვლის აღდგენაზე  დღეს  თბილისის საკრებულოს  ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც სწორედ ამ საკითხის განსახილველად დაინიშნა.   

პუშკინის ქუჩაზე ავტომანქანებისთვის ამჟამად მხოლოდ ცალმხრივი მოძრაობაა  ნებადართული. ეს მას შემდეგ გაკეთდა, რაც აქ ძველი თბილისის ნანგრევებზე  ღია მუზეუმი გაკეთდა. ორმხრივი მოძრაობის აღდგენა კი დედაქალაქის ახალი ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირება იყო და ამ პროექტის განხორციელება წელსვე დაიწყება.   

პროექტს საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენლები ეწინააღმდეგეებიან, რადგან, მათი თქმით ეს პროექტი საფრთხეს შეუქმნის აქ მდებარე კულტურის ძეგლებს.

საკითხის შესწავლას და გადაწყვეტილების ამის შემდეგ მიღებას ითხოვს დამოუკიდებელი დეპუტატი  ალეკო ელისაშვილიც.

საკრებულოს ურბანული დაგეგმარების კომისიის  თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ პროექტი ისე განხორციელდება, რომ აქ არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას საფრთხე არ  შეექმნება.

პროექტს უმრავლესობა მხარს უჭერს და უკვე გადაწყვეტილია, რომ მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.  პროექტის ღირებულება იქნება 2 მილიონი ლარი და  თანხის ნაწილი 2014 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული, ნაწილი კი - 2015 წლის ბიუჯეტში. 

დღის ამბები