19 მაისი 2024,   02:47
ვრცლად
ესროდა ყველას - ეზოში მყოფებს და მათ, ვინც დაჭრილების დახმარებას ცდილობდა - ნოდარ ათუაშვილი, ყოფილი სამხედრო, რომელმაც 5 ადამიანი მოკლა, 5 კი მძიმედ დაჭრა

49 წლის ნოდრ ათუაშვილი, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ის მამაკაცია, რომელმაც დამიზნებით 5 ახალგაზრდა მოკლა და 5 მძიმედ დაჭრა. ბოლოს კი იმავე იარაღით თავი მოიკლა.

ათუაშვილი წლების განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს რიგებში ირიცხებოდა, მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებშიც. ავღანეთში, ბოლოს 2021 წლის აპრილში გაემგზავრა, შვიდ თვეში კი საქართველოში დაბრუნდა და სამხედრო სამსახური მალევე დატოვა.

ღამის პირველი საათი იყო, როდესაც ნოდარ ათუაშვილი აივანზე შეიარაღებული გამოვიდა და ცეცხლი უმისამართოდ გახსნა. გავრცელებული ინფორმაციით, 49 წლის მამაკაცი, პროფესიით სნაიპერი იყო. ესროდა ყველას - ეზოში მყოფებს და მათ, ვინც დაჭრილების დახმარებას ცდილობდა. შეიარაღებულმა თავდამსხმელმა არ დაინდო არც სასწრაფოს ექიმები და ადგილზე გამოძახებულ ჯგუფებს ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნა. ტყვიამ იმსხვერპლა პოლიციელიც, რომელიც ახალგაზრდა ქალს გადაეფარა. 

თავდამსხმელი მანამდე მანავში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა. ნათესავების თქმით, ნოდარ ათუაშვილს ბოლოს ოჯახთან კონტაქტი აღარ ჰქონია. მიზეზი მუდმივი კონფლიქტი იყო. "კურიერი" ათუაშვილის რძალს ესაუბრა. ქალი ყვება, რომ ხშირად ყოფილა მოწმე, თუ როგორ სცემდა 49 წლის მამაკაცი მეუღლეს და ფსიქოლოგიურად ძალადობდა შვილებზე.

ოჯახის წევრების მიმართ ფიზიკური ანგარიშწორება, მანავში მეზობლებმაც დაადასტურეს. ადგილობრივებმა "კურიერთან" კონკრეტული ფაქტებიც გაიხსენეს. 

ფსიქიკური პრობლემები - ეს ის მთავარი მიზეზია, რის გამოც ნოდარ ათუაშვილმა სასტიკი დანაშაული ჩაიდინა - ამას ყვებიან ისინი, ვინც 49 წლის მამაკაცს იცნობდნენ.

რას საქმიანობდა ნოდარ ათუაშვილი ბოლო პერიოდში, დაზუსტებით არავინ იცის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამაკაცი კუსტრარულად ამზადებდა სამხედრო დანებს და შემდეგ შავ ბაზარზე ყიდდა.

ნოდარ ათუაშვილს ორი შვილი ყავდა, ერთ-ერთი საქმეში ახლა მთავარი მოწმეა. ნიკოლოზ ათუაშვილი ბინაში იმ დროს იმყოფებოდა, როდესაც მამამ, აივნიდან უმისამართო სროლა დაიწყო.

დღის ამბები