19 მაისი 2024,   06:27
ვრცლად
მორიგი კრიტიკა უკრაინიდან და უცვლელი რიტორიკა - კიევიდან მოთხოვნას პასუხი საქართველოში უკვე გასცეს

უკრაინიდან მორიგი კრიტიკა საქართველოს მთავრობას ამჯერად ალექსეი გონჩარენკომ გამოუგზავნა. რიტორიკა კვლავ უცვლელია - ომში მყოფ ქვეყანას არ ჰყოფნის ის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მიმართ გამოხატვას. ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში, რადას წევრი ყურადღებას ისევ საქართველოსგან იარაღის მიწოდებაზე ამახვილებს. გონჩარენკო ამბობს იმასაც, რომ ამ გარემოებებიდან გამომდინარე, მისთვის გაუგებარია ომში ვის მხარესაა საქართველო.

იარაღის უკრაინისთვის გადაცემის მოთხოვნა სახელისუფლებო გუნდისთვის ომში ჩართვის რიტორიკის ნაწილია. მმართველ პარტიაში დღეს თქვეს, რომ მსგავსი განცხადებები საფრთხეს მხოლოდ საქართველოს უქმნის. "ქართულმა ოცნებამ" რადას წევრს ის ნაბიჯებიც შეახსენა, რომელიც მთავრობამ ომში მყოფი ქვეყნის მხარდასაჭერად გადადგა.

იარაღის მოთხოვნა იმ სახელმწიფოსგან, რომელსაც ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და რისკების წინაშეა, ასევე არასწორად მიაჩნია ოპოზიციის ნაწილსაც. ხელისუფლების ოპონენტთა ეს ჯგუფი პრობლემას სხვა, კომუნიკაციასა და დასავლეთის მიმართ კრიტიკაში ხედავს. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი ფაქტობრივად იზიარებს იმ პოზიციას, რომელიც გონჩარენკოს აქვს.

სამხედრო ტექნიკის ომში მყოფი ქვეყნისთვის გადაცემა დღეს ის მთავარი საკითხიც იყო, რაზეც ამერიკის ელჩს განმარტებების გაკეთება მოუწია, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ანდრეი კასიანოვმა თქვა, რომ აშშ მზად იყო საქართველოსთვის ჯაველინების ახალი კომპლექსი მოეწოდებინა იმ შემთხვევაში, თუკი ის ტექნიკას უკრაინას გაუგზავნიდა. იყო თუ არა მსგავსი მოლაპარაკება - დეგნანმა ამაზე არაფერი თქვა, თუმცა, თქვა, რომ ასეთი თემები ორმა სახელმწიფომ არა საჯაროდ, არამედ პირადად უნდა განიხილოს. ელჩმა ყურადღება იმ ქმედებებზეც გაამახვილა, რომელიც საქართველომ უკრაინის მხარდასაჭერად გადადგა.

უკრაინის მხრიდან აქტიური საუბარი სამხედრო მხარდაჭერაზე საპარლამენტო უმრავლესობისთვის მხოლოდ ერთს ნიშნავს - ომში საქართველო დაფიქსირდეს მხარედ. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ასეთი განცხადებები საქართველოს დისკრედიტაციას ემსახურება. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინის მაღალჩინოსნები საქართველოსგან თავდაცვითი შეიარაღების გადაცემას ითხოვენ. უკრაინის დროებითი რწმუნებული საქართველოში ამ საკითხზე აქტიურად ბოლო ორი კვირაა საუბრობს.

დღის ამბები