დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ნგრევად შენობებში მცხოვრებ ადმინისტრაციული დაპირების მქონე იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს თბილისში ბინები გადასცა.
ახალაშენებულ კორპუსებში, გარემონტებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი ფართი 40-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, მათ შორის არიან სანატორიუმ "ქართლში“ მცხოვრები დევნილები. ამ ეტაპზე "ქართლში" მცხოვრები 140 ოჯახიდან 100-მდე ოჯახი ახალი საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილებულია.
დევნილი ოჯახებისთვის სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტია. ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება. 2023 წელს, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში კი ახალი საცხოვრებელი ფართით იძულებით გადაადგილებული 13 000 ოჯახი დაკმაყოფილდება.