19 მაისი 2024,   09:27
ვრცლად
კონსილიუმის გადაწყვეტილებით, პაციენტი რჩება პალატაში და უგრძელდება მკურნალობა, მისი მდგომარეობა სტაბილურია - ზურა ჩხაიძე სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილს კოვიდი დაუდასტურდა. კლინიკა აცხადებს, რომ კოვიდინფიცირებულის კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანა საჭირო არ არის. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ზურა ჩხაიძე განმარტავს, რომ სააკაშვილს კოვიდ ტესტირება ჩაუტარდა, რაზეც დადებითი პასუხი გუშინ მიიღეს. შეიკრიბა ექიმთა კონსილიუმი და დადგინდა მკურნალობის გეგმა. ამასთან ტესტირება უკვე ჩაუტარდათ "ვივა მედის" თანამშრომლებსაც, თუმცა კორონავირუსი არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა.

"პაციენტს გუშინ დაუდასტურდა კოვიდ ტესტი, ვინაიდან იყო შესაბამისი სიმპტომატიკა, კლინიკური მონაცემები, აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა, სახსრების ტკივილი, ამიტომ ეჭვი იქნა მიტანილი კოვიდ ინფექციაზე. ჩატარდა სწრაფი ტესტი, შემდეგ უკვე PCR ტესტით იქნა დადასტურებული. გუშინვე შეიკრიბა ექიმთა კონსილიუმი სხვადასხვა სპეციალობის ექიმების შემადგენლობით. კონსილიუმის გადაწყვეტილებით, პაციენტი რჩება პალატაში და უგრძელდება მკურნალობა. პალატა აღჭურვილი არის ყველა აპარატურით, რაც არის ინტენსიურ პალატაში.

ეს არის დეზინფორმაცია იმიტომ, რომ მკურნალ ექიმს არ ჰქონია. ჩვენ მკურნალ ექიმთან ერთად ყველა ექიმი ვმონაწილეობდით ამაში და რეანიმაციაში გადაყვანის საკითხი არ დამდგარა. სტაბილურია მისი მდგომარეობა," - განაცხადა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ.

სააკაშვილის დედა გიული ალასანია მიიჩნევს, რომ კოვიდ პაციენტი რეანიმაციაში უნდა გადაიყვანონ.

"სულ რამდენიმე ადამიანი შედის, არავის გვაქვს არც კოვიდი და მე პირადად არავისთან მქონია კონტაქტი, ვისაც აქვს კოვიდი. გააჩნია რა პროცედურა ჩაუტარდება, თუ ჩუტარდება გადასხმები გამომდინარე მისი ასეთი მდგომარეობიდან, როცა დაბალი რკინა აქვს და ყველაფერი დაბალი, მე ასე ვიცი, რომ რეანიმაცია ჯობია, ვინაიდან იქ მუდმივად გყავს ექიმი გვერდზე. არავისთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, ყველა ძალიან ყურადღებიანია, მაგრამ ამ დროს, როცა მძიმედ არის ადამიანი ბადრაგი კი არ უნდა იჯდეს, უნდა იყოს ექიმი მუდმივად," - განაცხადა გიული ალასანიამ.

დღის ამბები