14 მაისი 2024,   00:01
ვრცლად
სარკინიგზო კატასტროფა საბერძნეთში - სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახებას ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა

კატასტროფიდან 24 საათის შემდეგ ჯერ კიდევ უცნობია, თუ როგორ მოხვდა სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე ლიანდაგზე. საბერძნეთის ქალაქ ლარისას მახლობლად მომხდარმა სარკინიგზო შემთხვევამ 36 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ათენიდან სალონიკამდე მიმავალმა, 350 კაციანმა სამგზავრო ტრანსპორტმა, კურსი სატვირთო ხაზისკენ იცვალა. რამდენიმე წუთში ძლიერი შეჯახების ხმა გაისმა. შედეგად პირველი 4 ვაგონი რელსებიდან გადავარდა, მათგან პირველი ორი სრულიად განადგურდა. გადარჩენილები შოკიდან გამოსვლას ცდილობენ.

დაშავებულები მალევე გადაიყვანეს უახლოეს საავადმყოფოებში, ასეთი 80-მდე პირია - ძირითადად ახალგაზრდები, რომლებიც კარნავალის შემდეგ, დედაქალაქიდან სტუდენტურ ქალაქში ბრუნდებოდნენ. ზოგის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ არ არის გამორიცხული მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს. მით უმეტეს, რომ კატასტროფის ადგილას ჯერ კიდევ ეძებენ 25-მდე პირს. პროცესში ჩართულია 150-მდე მეხანძრე-მაშველი, სასწრაფო დახმარების ბრიგადები, ამწეები და გადამზიდი ტექნიკა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცეცხლმა ვაგონებში 1,300 ცელსიუსამდე მიაღწია, რაც ცხედრების იდენტიფიცირებას უფრო ართულებს.

სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით ამ დროისთვის მხოლოდ 1 პირია დაკავებული, კერძოდ ქალაქ ლარისას სარკინიგზო სადგურის უფროსი. ის ბრალდებებს უარყოფს, ისევე როგორც ტექნიკური გაუმართაობის ვერსიას. იკითხებიან სხვა პირებიც, მათ შორის საბერძნეთის რკინიგზაში - ამიტომ არაა გამორიცხული, სასჯელი უფრო მაღალ რგოლებამდეც მივიდეს. ამასთან, მედია უკვე აქტიურად საუბრობს, რომ სარკინიგზო სისტემა საბერძნეთში მოძველებულია და ჯერ კიდევ ხელით იმართება. საბერძნეთის მთავრობის წევრები დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას აანონსებენ. კატასტროფის ადგილას უკვე იმყოფებოდა ქვეყნის პრემიერი.

მომხდარის გამო ქვეყანაში 3 დღიანი გლოვაა გამოცხადებული. დროშები დაშვებულია არა მხოლოდ საბერძნეთში, არამედ ბრიუსელშიც, საიდანაც ბერძნებს თანაუგრძნობენ. სამძიმარს უერთდება თბილისიც. პრემიერ-მინისტრი ბერძენ კოლეგას ტრაგედიას უსამძიმრებს. ირაკლი ღარიბაშვილი "ტვიტერში" წერს, რომ საქართველო საბერძნეთის გვერდში დგას. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით კი, საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებით ინფორმაცია საკონსულოში არ შესულა.

დღის ამბები