19 მაისი 2024,   03:48
ვრცლად
ვითარება უკრაინაში - რუსეთი სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით მასიურ სარაკეტო შეტევას ახორციელებს

ვითარება უკრაინაში - რუსული შეტევის შედეგად ზაპოროჟიას ოლქში დაიჭრა ქალი და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. ამ წუთებში, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე, სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით, მასიურ სარაკეტო შეტევას ახორციელებს. როგორც უკრაინული მედია წერს, აფეთქებების ხმა ისმის ოდესის ოლქში. საოკუპაციო ძალამ დაბომბა დონეცკის ოლქის ქალაქი კრამატორსკი, რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს, შედეგად კი დაიღუპა ერთი ადამიანი, დაიჭრა რამდენიმე. უკრაინის მედიის ცნობით, ნანგრევებში მოყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მათ ამოყვანას ცდილობენ. 

ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ბახმუტშიც, ამ მიმართულებით უკრაინულმა ძალებმა რუსული იერიშები ოთხ დასახლებაში მოიგერიეს. სტრატეგიული ქალაქისთვის ბრძოლა გრძელდება.

 უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვისთვის დამატებით 13 ნახევარი მილიარდი დოლარი დაიხარჯება. 

"ამ დროისთვის ჩვენი ტერიტორიის 170 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი აუფეთქებელი საბრძოლო მასალით არის დანაღმული. ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ფერმერების დამუშავებული მიწებია. ჩვენ არა მხოლოდ უნდა შევზღუდოთ ტერორისტი სახელმწიფოს უნარი გვერდი აუაროს არსებულ სანქციებს, არამედ ასევე დავაწესოთ ახალი შეზღუდვები, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს გლობალურ ზეწოლასთან ადაპტირება. აღმოსავლეთით ვითარება ძალიან მწვავეა – ძალიან მტკივნეულია. მტრის სამხედრო ძალა უნდა განადგურდეს და ჩვენ მას გავანადგურებთ. რაც ნაკლები იქნება სანქციებთან ადაპტირების რუსეთის უნარი, მით უფრო მალე შევძლებთ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და უკრაინისთვის მშვიდობის დაბრუნებას," - აცხადებს ვოლოდიმერ ზელენსკი.

დღის ამბები