18 მაისი 2024,   22:52
ვრცლად
მეუფე შიოს სისხლის ანალიზში არის გარკვეული ცვლილებები, აღმოჩნდა მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მეტი, დაზუსტებით რამის თქმა დღეისთვის ძალიან რთულია - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პარტიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის მოწამლვასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, მიტროპოლიტ შიოს სისხლში მძიმე მეტალები აღმოჩნდა.

ამასთან, დეკანოზმა გავრცელებულ ვერსიებზე ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, ვიღაცის ინტერესში იყოს მეუფე შიოს ავადმყოფობა.

"ჩვენ გვაქვს ფაქტი, რომ მეუფე შიოს სისხლის ანალიზში არის გარკვეული ცვლილებები, აღმოჩნდა მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მეტი. სხვა დაზუსტებით რაიმეს თქმა დღეისათვის ძალიან რთულია.

მეუფე შიოს მდგომარეობა დღეს არის ნორმალური, მუშაობს, პროცესშია ჩართული, რაც მის ყოველდღიურ სამუშაოს უკავშირდება. ეჭვების და ვარაუდების გამოთქმა არ მგონია ახლა მიზანშეწონილი იყოს, უნდა დაველოდოთ შემდგომი დაკვირვება და კვლევა რას მოგვცემს.

ახლა რაც არ უნდა ვთქვა, ყველაფერი იქნება ვარაუდები და ეჭვები მხოლოდ. მთავარი აქ არის, 2 სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ერთი - ეს შეიძლება იყოს ყოფითი შემთხვევა, თუმცა არ არის გამორიცხული, იყოს ჩარევა და როგორც თქვეს, ვიღაცის ინტერესში იყოს მისი ავადმყოფობა.

[საგამოძიებო უწყებებისთვის] ჯერ ოფიციალურად არ მიგვიმართავს, ვნახოთ სიტუაციიდან გამომდინარე. ჩვენ ვიყავით კვლევის რეჟიმში, უნდა გაგვერკვია საკვების შემადგენლობაში ხომ არ იყო რაიმე მავნე ნივთიერებები, დღეისათვის რაც ვიცით, არის, ის, რომ საკვები, რომელსაც იღებს არის ჯანმრთელი. ის საკვები, რომელსაც მაღაზიაში ყიდულობენ მისთვის, არის ჯანმრთელი," - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

დღის ამბები