18 მაისი 2024,   22:52
ვრცლად
პირველად, ქართული რაგბის ისტორიაში "შავი ლომი" ევროპის "ჩელენჯ ქაფზე" იასპარეზებს

პირველად, ქართული რაგბის ისტორიაში, "შავი ლომი" "ჩელენჯ ქაფზე" იასპარეზებს. პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზი 2023-24 წლების "ჩელენჯ თასის" გათამაშებაში მიწვეული გუნდის სტატუსით ჩაერთვება. ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა ევროპის პროფესიული კლუბების რაგბმაც, რომელიც ორი მსხვილი საკლუბო ტურნირის – ჩემპიონთა თასისა და "ჩელენჯ ქაფის" ორგანიზატორია.

"ქართველები მოდიან" - ასე ეხმაურება სარაგბო სამყარო "შავი ლომის" "ჩელენჯ ქაფზე" გამოჩენას, სადაც მსოფლიოს საუკეთესო კლუბები ასპარეზობენ. ორი ტოპ-კლუბის თამაშს გულშემატკივარი თბილისში ნახავს.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სარაგბო ტურნირი, "ჩელენჯ ქაფი" სათავეს 1996 წლიდან იღებს. ამ დროის განმავლობაში ტურნირის ყველაზე მეტჯერ მოგება ფრანგულმა და ინგლისურმა კლუბებმა შეძლეს. 2023-24 წლების ჩემპიონთა თასისა და "ჩელენჯ თასის" გათამაშებები 8 დეკემბერს იწყება, ფინალური შეხვედრები კი 2024 წლის მაისში, ლონდონში, ტოტენჰემის სტადიონზე გაიმართება. "ჩელენჯ ქაფის" გამარჯვებული მომავალ სეზონში ჩემპიონთა თასის საგზურს მიიღებს. "შავი ლომისთვის" ეს ერთადერთი შესაძლებლობაა, რათა ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე მოხვდეს.

კლუბი "შავი ლომი" რაგბის კავშირის ინიცირებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით შეიქმნა. საქართველოს მთავრობა სრულად უზრუნველყოფს ამ ჩემპიონატისთვის დაგეგმილი მატჩების საქართველოში უმაღლეს დონეზე ჩატარებას, ისევე როგორც ქართული რაგბის შემდგომ განვითარებას. პრემიერ მინისტრი მსოფლიო რაგბის პრეზიდენტ, ბილ ბომონტსაც შეხვდა, სადაც მხარეებმა ქართული რაგბის განვითარებასა და წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ავტორი: ლაშა რამაზაშვილი

 

დღის ამბები