18 მაისი 2024,   22:53
ვრცლად
საწამლავი საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრისთვის - რა საეჭვო ნვთიერებები აღმოჩნდა მეუფე შიოს სისხლში

საპატრიარქო მეუფე შიოს ორგანიზმში აღმოჩენილი მძიმე მეტალების გამო არ გამორიცხავს, რომ პატრიარქის თანამოსაყდრე მოწამლული იყოს. კონკრეტული დეტალების გაჟღერებისგან დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე თავს იკავებს, ამბობს მხოლოდ იმას, რომ მეუფე შიო ბოლო 1 თვის განმავლობაში თავს შეუძლოდ გრძნობდა, ჩატარებულმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ სისხლში არაერთი უჩვეულო ცვლილება იყო. უცნობია, კონკრეტულად, როდის ან რით შეიძლება მოეწამლათ პატრიარქის თანამოსაყდრე, ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, საკვები იმ მეტალებს არ შეიცავდა, რომელიც მეუფე შიოს ორგანიზმში აღმოჩნდა.

მეუფე შიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა სტაბილურია, ის საკუთარ საქმიანობასაც დაუბრუნდა. ილია მეორის პირადი ექიმი "კურიერს" უყვება, რომ პატრიარქის თანამოსაყდრე თავს კარგად გრძნობს, თუმცა ცნობილია, რომ მას კვლევები ეტაპობრივად კიდევ ჩაუტარდება.

მეუფე შიოს მდგომარეობა განსაკუთრებით გასულ კვირას დამძიმდა, რის გამოც, ის სამებაში წირვებს ვეღარ აღავლენდა. ფაქტი სასულიერო პირების ნაწილმა სწორედ მაშინ შეიტყო. მათი ნაწილი ამბობს, რომ მეუფე შიოს ორგანიზმში ექიმებმა სხვა მეტალებთან ერთად დარიშხანიც აღმოაჩინეს, თუმცა, ვის შეიძლება მოეწამლა პატრიარქის თანამოსაყდრე, მათთვის უცნობია. ვარაუდობენ, რომ შემთხვევის უკან შესაძლებელია თავად სასულიერო პირები იდგნენ.

მოტივებზე საუბარი უჭირს ანდრია ჯაღმაიძეს, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ პატრიარქის მოსაყდრის მოწამვლა და ავადმყოფობა გარკვეული პირების ინტერესებში შედიოდეს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ საკითხით გამოძიება უნდა დაინტერესდეს, თუმცა, თავად საგამოძიებო უწყებისთვის ჯერ არ მიუმართავთ.

მეუფე შიო პატრიარქმა საკუთარ თანამოსაყდრედ 2017 წელს დანიშნა, სწორედ ის განიხილება ილია მეორის ერთ-ერთ მთავარ მემკვიდრედ.

დღის ამბები