19 მაისი 2024,   03:47
ვრცლად
უკავშირდება თუ არა საპატრიარქოს დამლაგებლის გარდაცვალება მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის ვერსიას - გამოძიება გრძელდება, კითხვებზე პასუხი ექსპერტიზამ უნდა გასცეს

საპატრიარქოს თანამშრომელი, რომელიც მეუფე შიოს სამუშაო ოთახსაც ალაგებდა და რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, დღეს დაკრძალეს. ჯერჯერობით, უცნობია უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის ვერსიას. კითხვებზე პასუხს ექსპერტიზა გასცემს.

ფაქტზე განცხადება გაავრცელა ანდრია ჯაღმაიძემ. დეკანოზი წერს, რომ საპატრიარქოს თანამშრომლის გარდაცვალების მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირება, საფუძველს მოკლებულია.
 
მეუფე შიოს ორგანიზმში აღმოჩენილი მძიმე მეტალების გამო, რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოში არ გამორიცხეს, რომ პატრიარქის თანამოსაყდრეს დროდადრო წამლავდნენ. მათივე ინფორმაციით, ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მეუფეს სისხლში არაერთი უჩვეულო ცვლილება დაფიქსირდა. პატრიარქის თანამოსაყდრის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, გამოძიება 19-108 მუხლით დაიწყო.

პატრიარქის თანამოსაყდრის შესაძლო მოწამვლა, ციანიდის საქმეს ახსენებს ოპოზიციის ნაწილს. მმართველი გუნდის ოპონენტები, გამოძიების შედეგებს ელოდებიან.
  
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, საჭიროა საზოგადოება გამოძიებას დაელოდოს. როგორც "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, შეფასებების გაკეთების დროს სიფრთხილეა საჭირო.
 
ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რით და როდის შეიძლება მოეწამლათ პატრიარქის თანამოსაყდრე. მეუფე შიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გასულ კვირას დამძიმდა, ის სამებაში წირვებსაც ვეღარ აღავლენდა. საპატრიარქოს ინფორმაციით, ამ დროისთვის მეუფე თავს კარგად გრძნობს.

  

  
დღის ამბები