19 მაისი 2024,   06:03
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „დაცვის პოლიციის“ დღე აღნიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის ტერიტორიაზე „დაცვის პოლიციის“ დღე აღინიშნა. ღონისძიებას დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები დაესწრნენ.
 
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ბაგრატიონმა თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. 
 
სიტყვით გამოსვლისას გიორგი ბაგრატიონმა  განვლილი  წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
 
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ უწყების გამართული მუშაობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მაღალკვალიფიციურ კადრებს და ამ მიზნით თანამშრომელთა გადამზადება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ასევე, უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფაა, რაც ხელფასების ზრდის ტენდენციაშიც აისახება. 
 
გიორგი ბაგრატიონის განცხადებით, დაცვის პოლიციის ოპერატიული ჯგუფის ადგილზე გამოცხადების დროის მინიმუმამდე შემცირების მიზნით,  დეპარტამენტის ავტოპარკი მუდმივად ახლდება. კერძოდ, 2023 წლის დასაწყისიდან  დღემდე, დაცვის პოლიციის ავტოპარკს  20 ერთეული SKODA SCALA-ს მარკის ავტომობილი შეემატა, წლის ბოლომდე კი იგეგმება  15 მსგავსი ავტომობილის,  10 პიკაპის MITSUBISHI L 200-ის, ინკასაციის სამმართველოსთვის განკუთვნილი 10 ბრონირებული FORD TRANZITI-ის მარკის ავტომობილის შეძენა. 
 
ღონისძიებაზე  72-მა ახალწვეულმა დადო სამხედრო ფიცი და დაცვის პოლიციის რიგებს შეუერთდა. გიორგი ბაგრატიონმა სამსახურებრივი მოვალეობების პირნათლად შესრულებისთვის 34 თანამშრომელი მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
 
ღონისძიების დასასრულს, ტრადიციულად გაიმართა შიდა საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩი, რომელიც დეპარტამენტის თანამშრომლებში შიდა კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებას ემსახურება.
 
დღის ამბები