19 მაისი 2024,   05:24
ვრცლად
"აზოვის" მეთაურები კიევში დაბრუნდნენ - მოსკოვი ანკარას და კიევს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

მოსკოვი, ანკარას და კიევს პატიმრების გაცვლის შესახებ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს - მიზეზი "აზოვსტალის" მეთაურების სამშობლოში დაბრუნებაა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, შეთანხმებების პირობების თანახმად, "აზოვსტალის" მცველები თურქეთში ომის დასრულებამდე უნდა დარჩენილიყვნენ.

უკრაინელი სამხედროების სამშობლოში დაბრუნების პარალელურად, ოკუპანტები იერიშებს არ წყვეტენ. დაიბომბა ზაპოროჟიეს ოლქის 15 დასახლება. განადგურდა სამოქალაქო ობიექტები, საცხოვრებელი კორპუსები.

59 იერიში განხორციელდა ხერსონის ოლქზე. დაშავდა ერთი ადგილობრივი. 54 აფეთქება დაფიქსირდა სუმის ოლქშიც. 9-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა ლიმანზე განხორციელებული იერიშის შედეგად. ბახმუტის მიმართულებით კი უკრაინელი სამხედროები წინსვლას განაგრძობენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ომის მე-500 დღეს ჩვენ სახლში, უკრაინაში დავაბრუნეთ ჩვენი ხუთი გმირი, უკრაინის გმირი. მარიუპოლისა და "აზოვსტალის" თავდაცვის მეთაურები: დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერჰი ვოლინსკი, ოლეჰ ხომენკო, დენის შლეჰა. ისინი უკრაინისთვის იბრძოდნენ, გადაურჩნენ რუსეთის ტყვეობას, 300 დღეზე მეტი გაატარეს თურქეთში, ახლა სახლში ყოფნის დროა," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

საზღვაო ძალების მეთაური და "აზოვსტალის" მცველი სერჰი ვოლინსკი უკრაინის პრეზიდენტს მადლობას უხდის და ამბობს, რომ აზოველები თავისი საქმის კეთებას გააგრძელებენ.

"მინდა მადლობა გადაგიხადოთ ბატონო პრეზიდენტო, მთელ გუნდს, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ხელბორკილების გასაღების პოვნაში დაგვეხმარა. ჩვენ დავბრუნდით და გავაგრძელებთ ჩვენი საქმის კეთებას. ჩვენ სამხედროები ვართ, ფიცი გვაქვს დადებული," - აცხადებს ის.

ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებისთვის უკრაინა კვლავ იარაღის მიწოდებას ითხოვს და ამ იარაღის მიწოდებას უზრუნველყოფენ დასავლელი პარტნიორები. შტატებით დამატებითი 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოყოფს. გარდა ამისა, ბაიდენის გადაწყვეტილებით, უკრაინას მიეწოდება ე.წ. კასეტური ჭურვები, რაც კონვენციით არის აკრძალული, არაერთი სახელმწიფო ამას ეწინააღმდეგება, როგორც წარმოებას, ასევე ექსპორტს. ბაიდენის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაკეთდა კრიტიკული განცხადებებიც. მათ შორის განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

​"დიდ ბრიტანეთს ხელი აქვს მოწერილი კონვენციაზე, რომელიც კრძალავს კასეტური საბრძოლო მასალის წარმოებას ან გამოყენებას. ჩვენ გავაგრძელეთ უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის უკანონო შეჭრის წინააღმდეგ. იმედია ყველა ქვეყანას შეუძლია განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა. რუსეთის ბარბაროსული ქმედება მილიონობით ადამიანს ტანჯვას აყენებს. სწორია, რომ ჩვენ ერთობლივად უნდა აღვუდგეთ მას და მე მივემგზავრები ნატოს სამიტზე მომავალ კვირას ვილნიუსში, სადაც განვიხილავთ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, თუ როგორ შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ," - აცხადებს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი.

დღის ამბები