19 მაისი 2024,   04:37
ვრცლად
დატბორილი სახლები, სასტუმროები, სკოლები და ევაკუირებული მოსახლეობა - ოკუპირებულ აფხაზეთში მეორე დღეა სტიქიას ებრძვიან

დატბორილი სახლები, სასტუმროები, სკოლები და ევაკუირებული მოსახლეობა - ოკუპირებულ აფხაზეთში მეორე დღეა სტიქიას ებრძვიან. ძლიერი წვიმის გამო დასახლებებში გადაადგილება პარალიზებულია. გათიშულია ელექტროენერგია.

მხოლოდ გაგრაში ძლიერმა გადაუღებელმა წვიმამ 800-მდე სახლი და ქუჩა დატბორა. წყალმა წაიღო რკინიგზის ლიანდაგი, შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა. ქალაქში დაიტბორა პოლიციის განყოფილებებიც. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ასეთი მასშტაბის სტიქია აფხაზეთში 70 წელია არ მომხდარა.

სტიქიაა ბიჭვინთასა და ლიძავაშიც. შტორმისა და წყალდიდობის გამო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის მინისტრის თეიმურაზ ხიშბას რეკომენდაციით, დროებით დაიკეტა ყველა სანაპირო. ტურისტები კურორტებს ტოვებენ. მათ გამხნევებას დე ფაქტო პრეზიდენტი ცდილობს. ასლან ბჟანია ადგილობრივებს არა, თუმცა რუს ტურისტებს შეხვდა და მათ ოკუპირებულ აფხაზეთში დარჩენა სთხოვა.

გაგრის ე.წ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად და დაზარალებულთა დასახმარებლად ოპერატიული შტაბი შეიქმნა, თუმცა შედეგი ჯერ არ ჩანს - მოსახლეობა წყალდიდობას საკუთარი ძალებით ებრძვის.

ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია მეწყერიც. გაითიშა მაღალი ძაბვის ხაზი "ოჩამჩირე" და გაგრის გარდა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა გუდაუთისა და სოხუმის რაიონის ნაწილიც.

დღის ამბები