19 მაისი 2024,   03:58
ვრცლად
ომის 502-ე დღე - რუსეთი მშვიდობიანი ქალაქების ინტენსიურ დაბომბვას აგრძელებს

მოსკოვი მშვიდობიანი ქალაქების ინტენსიურ დაბომბვას აგრძელებს. ორეხოვოს სკოლაზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. უმძიმესი დაზიანება მიიღო 13-მა. აგრესორმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში მაშინ მიიტანა, როდესაც ადგილობრივებს ჰუმანიტარულ დახმარებას ურიგებდნენ.

"ს-300" ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებით დაესხნენ თავს რუსი ჯარისკაცები მიკოლაივს. სამიზნე აქაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, შეტევის შედეგად არავინ დაშავებულა.

აფეთქებების ხმა ისმოდა სუმის სასაზღვრო დასახლებებში. რუსულმა არმიამ შეუტია ხერსონსაც. მძიმე დაზიანება მიიღო ერთმა მშვიდობიანმა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სამოქალაქო ობიექტებზე მასშტაბურ შტურმს კატეგორიულად უარყოფს, ისევე, როგორც საკუთარ დანაკარგს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო კი იუწყება, რომ უკანასკნელ 24 საათში 400-ზე მეტი ოკუპანტი გაანადგურეს. აფეთქებულია აგრესორის მძიმე ტექნიკა და უპილოტო საფრენი აპარატები.

თავდაცვის უწყებაში იმასაც ამბობენ, რომ უკრაინელი ჯარისკაცები უკვე ბახმუტის ყველა შესასვლელს აკონტროლებენ. ასევე, წინ მიიწევენ მელიტოპოლის და ბერდიანსკის მიმართულებითაც. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კონტრშეტევა შედარებით ნელი ტემპით, მაგრამ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ვოლოდიმირ ზელენსკი "ეიბისი ნიუსთან" ინტერვიუში ამბობს, რომ არასოდეს დათანხმდება ტერიტორიის დათმობას.

 

დღის ამბები