19 მაისი 2024,   04:14
ვრცლად
უკრაინის საჰაერო თავდაცვა მასშტაბურ იერიშს გაუმკლავდა - მოსკოვის განცხადებით, თუ უკრაინა ავიამოიერიშეებს მიიღებს, ეს მსოფლიოსთვის კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება

საოკუპაციო ძალა უკრაინის დედაქალაქს უტევს, დაღუპულია ერთი და დაშავებულია ოთხი პირი. კიევის თავზე 20 უპილოტო საფრენი აპარატი, 2 ფრთოსანი "კალიბრი" და ბალისტიკური რაკეტა "ისკანდერ - ემი" გაანადგურეს. საჰაერო ობიექტების ნამსხვრევებმა დედაქალაქის 5 რაიონი აზარალა. ერთ-ერთ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.

2 ადამიანი ემსხვერპლა აგრესორის იერიშს ხერსონში. მძიმე დაზიანებები მიიღო სამმა. ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ საარტილერიო სისტემები და დრონები გამოიყენეს. კრიტიკულად დაზიანდა ერთი საცხოვრებელი სახლი და საბავშვო ბაღის შენობა. რუსულმა ავიაციამ დაბომბა კუნძული ზმეინი.

რუსული ტერორის დასრულების ერთ-ერთ წინაპირობად ვოლოდიმირ ზელენსკი კიევისთვის "ეფ-16" ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას თვლის. ნატოს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში 11-მა პარტნიორმა ქვეყანამ უკრაინასთან ერთად ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც მოიერიშეების სამართავად უკრაინელი პილოტების გადამზადება დაიწყება.

"სამშობლოში კარგი შედეგით ვბრუნდებით, ჩვენი მეომრებისთვის რაც მთავარია - კარგი შეიარაღებით. ეს საჰაერო თავდაცვას, რაკეტებს, ჯავშანტექნიკას და არტილერიას მოიცავს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია: დამოუკიდებლობის შემდეგ პირველად შევქმენით უკრაინის უსაფრთხოების საფუძველი ნატოსკენ მიმავალ გზაზე. ეს უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიებია, რომლებსაც მსოფლიოს 7 საუკეთესო დემოკრატია ადასტურებს. ძალიან მნიშვნელოვანია: სამიტის ამ ორი დღის განმავლობაში წავშალეთ ყოველგვარი ეჭვი და გაურკვევლობა იმის შესახებ, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ში. - იქნება“, - ამბობს ზელენსკი.

უკრაინისთვის ამერიკული F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას ბირთვულ საფრთხედ განიხილავს მოსკოვი. ამაზე სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ისაუბრა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შეერთებული შტატები და მისი სატელიტები რუსეთთან პირდაპირი შეიარაღებული შეტაკების რისკს ქმნიან, რომლის შედეგებიც კატასტროფული იქნება.

"მოსკოვმა ბირთვულ სახელმწიფოებს: შეერთებულ შტატებს, გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთს აცნობა, რომ რუსეთს არ შეუძლია უგულებელყოს ამ თვითმფრინავების უნარი, ბირთვული იარაღი გადაიტანონ. აქ სიტყვიერი დაპირებები ვეღარ დაგვეხმარება. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ასეთი სისტემების გამოჩენის ფაქტს დასავლეთის მხრიდან ბირთვულ სფეროში შექმნილ საფრთხედ განვიხილავთ", - განაცხადა ლავროვმა.

მოსკოვის განცხადებების მიუხედავად, საერთაშორისო პარტნიორების დახმარების საკითხი არ გადაიხედება. ვაშინგტონი უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი ტაქტიკური სარაკეტო სისტემის გაგზავნასაც გეგმავს. ნატოს სამიტზე უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი წარადგინა დიდმა ბრიტანეთმა, რომელიც საბრძოლო მასალასა და ჯავშანტექნიკას მოიცავს. 410 მილიონ დოლარს ომში მყოფი ქვეყნისთვის გამოყოფს კანადა.

პარალელურად, უკრაინა კონტრშეტევით ოპერაციას აგრძელებს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამხედროები ბახმუტის სამხრეთ ფლანგზე მიიწევენ წინ და ახლად აღებულ პოზიციებს ამაგრებენ. მძიმე შეტაკებები გრძელდება მარიინკას და ავდიივკას მიმართულებით.

ოკუპანტებს კი, სამხედრო მენეჯმენტში პრობლემები აქვთ. მოსკოვზე პრიგოჟინის წარუმატებელი ლაშქრობის შემდეგ რუსული არმიის მაღალჩინოსნებს ეტაპობრივად სჯიან. გენერალ სუროვიკინის გაუჩინარებას, დღეს უკვე 58-ე არმიის სარდლის, ივან პოპოვის გადადგომა მოჰყვა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში გენერალი ამბობს, რომ მისმა ხელმძღვანელებმა მასში გარკვეული საფრთხე დაინახეს, ერთ დღეში გაამზადეს თავდაცვის მინისტრის ბრძანება და თავიდან მოიშორეს.

დღის ამბები