19 მაისი 2024,   04:12
ვრცლად
უკრაინის არაერთ წერტილში საჰაერო განგაშის სიგნალი მთელი დღის განმავლობაში ისმოდა - ვითარება ომის 507-ე დღეს

უკრაინის არაერთ წერტილში საჰაერო განგაშის სიგნალი მთელი დღის განმავლობაში ისმოდა. მტერს საჰაერო თავდასხმებისთვის სავარაუდო სამიზნედ ლუგანსკის, დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქები ჰქონდა ამოღებული.

ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა რამდენჯერმე დაბომბეს სუმის ოლქი. ცეცხლი გაუხსნეს რვა დასახლებულ პუნქტს, ამ მიმართულებით სულ 110 გასროლა განხორციელდა. არიან დაშავებულები. თავდასხმებმა დააზიანა კერძო სახლები და საცხოვრებელი კორპუსები. დაიბომბა ხარკოვიც. შედეგად 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თავდასხმის სამიზნე ისევ გახდა ზაპოროჟიე. აქ მტერმა იერიშები ირანული შაჰიდის დრონებით მიიტანეს. ამასთან ერთად, რუსებმა დაარტყეს ლიმანის, ბახმუტის, ავდეევსკის და მარინკას მიმართულებებსაც. ამ წერტილებში ორმხრივი მძიმე ბრძოლები ისევ გრძელდება. ბოლო 24 საათში სულ ასეთი, 32 შეტაკება განხორციელდა.

საერთაშორისო პარტნიორობის დონეზე მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად, უკრაინა აქტიურ კონტრშეტევით ოპერაციებსაც განაგრძობს. უკრაინული ძალების ტავრიის ჯგუფმა მხოლოდ 1 დღეში 1117 საცეცხლე მისია შეასრულა. ამის მიუხედავად, "ნიუ იორკ ტაიმსის" ცნობით, სამხედრო ტექნიკის დანაკარგის გამო, ომში მყოფმა ქვეყანამ კონტრშეტევით ტაქტიკა შეცვალა. გამოცემის ცნობით კონტრიერიშის პირველ ორ კვირაში ფრონტზე არსებული სამხედრო ტექნიკის 20%-მდე დაზიანდა ან განადგურდა, მათ შორისაა დასავლური სამხედრო ტექნიკაც. კონტრშეტევის შემცირება უკრაინას სამხედრო დანაკარგების შემცირების შესაძლებლობას მისცემს. დანაკარგებს განიცდიან ოკუპანტებიც.

უკრაინაში საკუთარ დანაკარგებთან ერთად, ომის პირველივე დღიდან ითვლიან მტრის დანაკარგებსაც. ოფიციალური ინფორმაციით, გასული წლის თებერვლიდან დღემდე ომში რუსეთმა 237 ათასზე მეტი სამხედრო და 30 ათასამდე მძიმე საბრძოლო ტექნიკა დაკარგა.

 

ავტორი: თიკო ცერცვაძე. 

დღის ამბები