19 მაისი 2024,   11:10
ვრცლად
72 სარაკეტო შეტევა ერთ ღამეში - რუსეთი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განადგურებას განაგრძობს

72 სარაკეტო შეტევა ერთ ღამეში, რუსეთი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განადგურებას განაგრძობს. ძირითადი სამიზნე ამჯერადაც ოდესა იყო. რუსულმა არმიამ მიზანში, უკვე მეორედ, მარცვლეულის ტერმინალები ამოიღო. განადგურებულია ხორბლის დიდი ნაწილი. მძიმედ დაშავდა ორი მშვიდობიანი.

აგრესიის 513-ე დღეს არ წყდება საოკუპაციო ძალის იერიში სუმის სასაზღვრო დასახლებებზე. მსხვერპლი არ არის - განადგურებულია 7 კერძო სახლი. კომერციული ობიექტები და სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობა ააფეთქა აგრესორმა ხერსონის ოლქში. 4 ადამიანი დაიღუპა ზაპოროჟიეს დაბომბვის შედეგად - მძიმედ დაშავდა 3.

უკრაინელი სამხედროები კი ბახმუტზე არიან ფოკუსირებულები. ქალაქის ასაღებად თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მძიმე ბრძოლები გრძელდება. როგორც ძალოვან უწყებაში აღნიშნავენ, თითქმის ყველა სტრატეგიულ წერტილს აკონტროლებენ - ახლა მთავარი ამოცანა საოკუპაციო ძალის ზონიდან განდევნაა.

უკრაინის დანაკარგზე კი ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი საუბრობს. ვლადიმირ პუტინის განცხადებით, კიევს მოსკოვისთვის წინააღმდეგობის გაწევა სულ უფრო მეტად უჭირს, რასაც ქვეყნის შიგნით, ომით უკმაყოფილოთა რიცხვის ზრდა ემატება.

პუტინის ამ განცხადებების მიუხედავად, კიევის მიტოვებას საერთაშორისო პარტნიორები არ აპირებენ. საკუთარი ტერიტორიის დასაცავად უკრაინამ "ეფ-16" ტიპის მოიერიშეები შეიძლება უკვე წლის ბოლოს მიიღოს. ამას ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი ამბობს. თუმცა, ჯონ კირბი ეჭვობს, რომ მხოლოდ მოიერიშეებმა ფრონტზე არსებული სიტუაცია რადიკალურად შეცვალონ. ვაშინგტონში თვლიან, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია უკრაინის საარტილერიო ჭურვების საკმარისი მარაგით უზრუნველყოფა.

დღის ამბები