19 მაისი 2024,   03:09
ვრცლად
ძლიერი ხანძრები მსოფლიოს მასშტაბით - საბერძნეთმა ისტორიაში ყველაზე დიდი ევაკუაცია დაიწყო

ცეცხლის კერებმა საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე სანაპირო კურორტებამდე მიაღწია. დაზიანდა სახლები. კუნძულზე საბერძნეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ევაკუაცია გამოცხადდა. ამ დროისთვის ტერიტორია 20 000-მა ადამიანმა დატოვა. ქვეყანაში კიდევ უფრო რთულ დღეებს ელოდებიან, რადგან მომდევნო სამი დღის განმავლობაში ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.

ხანძარს ებრძვის იტალიაც, სადაც სტიქიის გამო ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 4 ადამიანი გარდაიცვალა. ცეცხლის კერებმა აპულიას რეგიონში ტურისტულ დასახლებამდე მიაღწია, რის გამოც სასტუმროებიდან 2000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. რთული ვითარებაა სიცილიაშიც. მაშინ, როცა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ტემპერატურამ +47 გრადუსს მიაღწია, იტალიის ჩრდილოეთში ადამიანები შტორმის გამო იღუპებიან. გარდაცვლილებს შორის თინეიჯერი გოგონაა.

კანარის კუნძულებიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გზა დაკეტა. სტიქიასთან საბრძოლველად, მეხანძრეებთან ერთად თვითმფრინავებიც არის ჩართული. განადგურებულია 200 ჰექტარი ტყის მასივი.

ხანძარია ხორვატიის სამხრეთ ნაწილშიც. კუნძულ დუბროვნიკთან მეხანძრეები სტიქიას უშედეგოდ ებრძვიან. ადგილობრივები შიშობენ, რომ ცეცხლის კერები დასახლებულ ადგილებამდეც მივა.

34 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ხანძარს ალჟირში. გარდაცვლილებს შორის 10 სამხედრო მოსამსახურეა. ცეცხლის 15 კერას ქვეყნის 8 რეგიონში 8000 ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. სალიკვიდაციო სამუშაოებში ტყის რეინჯერებიც ჩაერთნენ. სახლებიდან ევაკუირებულია 1 500-მდე ადამიანი. ძლიერი ქარის გამო ცეცხლი მეზობელ ტუნისშიც გავრცელდა, რის გამოც ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დაიხურა.

მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან თურქეთში. სტიქია ანტალიის პროვინციაში კურორტ ქემერთან მძვინვარებს. განადგურდა 180 ჰექტარი ტყის მასივი. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულებზეც. როგორც ცნობილია, ძლიერი დაკვამლიანების გამო, ადამიანებს სუნთქვის პრობლემები შეექმნათ. დასახლებულ პუნქტებში ხანძრის საშიშროების გამო, სახლებიდან ადგილობრივების ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის ჩასაქრობად ტერიტორიაზე 11 სახანძრო თვითმფრინავი და 22 ვერტმფრენი განლაგდა. მობილიზებულია 200-ზე მეტი სახანძრო მანქანა. სტიქიასთან გამკლავებას მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ართულებს.

ავტორი: თიკო ცერცვაძე

დღის ამბები