19 მაისი 2024,   00:07
ვრცლად
ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ჯარიმები გაიზრდება

აღმაშენებლის ქუჩაზე მოსახლეობას ღამე არ სძინავს. კაფე-ბარებიდან გამოსული ხმაური, მუსიკა და ქუჩაში დილამდე საუბრები, მრავალი წელია გრძელდება. ხმაურის გარდა, ადგილობრივ მოსახლეობას ქუჩაში გადაადგილების ბარიერიც აქვთ.

მერიის მუნიციპალური ინსპექციის აკუსტიკური ხმაურის განყოფილების უფროსმა, აღმაშენებლის ქუჩაზე მოსახლეობის საჩივრების საფუძველზე, ხმაურის დონის ნორმებიც შეამოწმა. გადამეტების პრობლემები ადგილზე თვალსაჩინო იყო. სპეციალურ მოწყობილობაზეც კარგად ჩანს, რომ ხმაურის დასაშვები დონე დღისითაც კი გაორმაგებულია. მაჩვენებელი, 35-ის ნაცვლად 80 დეციბელს აღწევს. საჯარიმო ოქმები ამ ეტაპზე იმდენად მინიმალურია, რომ დამრღვევი ობიექტები თანხის გადახდას ირჩევენ.

ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის, დადგენილი უშედეგო სანქციების გამო, კანონმდებლობა გამკაცრდება. გადაწყვეტილება დღეს თბილის მთავრობამ მიიღო. ხმაურის დასაშვები დონე, დღე-ღამის ყველა მონაკვეთში ერთნაირად შეზღუდული უნდა იყოს და არ უნდა აღემატებოდეს 50 დეციბელს.

დასაშვები ნორმების გადამეტება პირველ შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, 500 ლარს გადაიხდის ფიზიკური პირი, ხოლო იურიდიული პირი დაჯარიმდება 5000 ლარით. შემდგომ ყველა დარღვევაზე, ფიზიკური პირი 1000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი 10, 000 ლარით.

ხმაურის დასაშვები დონის დარღვევის გარდა, აღმოჩნდა, რომ კვების ობიექტებს პრობლემა სანებართვო პირობებთან დაკავშირებითაც აქვთ. თბილისის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები, კაფე-ბარების მფლობელს, ობიექტის წინ მოწყობილი სივრცის დამადასტურებელ დოკუმენტაციას სთხოვს. გაირკვა, რომ გაფრთხილების მიუხედავად, ღია სივრცე ქალაქის იერსახის დაზიანების ხარჯზე ფუნქციონირებს. მეპატრონეს პრობლემის მოსაგვარებლად 10 დღის ვადა მისცეს.

აღმაშენებლის პატარა მონაკვეთზე, დაახლოებით 50 კაფე-ბარია. ზედამხედველების მიერ ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, იდენტური დარღვევები ბევრ კვების ობიექტში აღმოჩნდა. გაფრთხილებისა და დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, უკანონო ობიექტების დემონტაჟი დაიწყება.

მუნიციპალურმა ინსპექციამ, პრობლემის მოსაგვარებლად დავალებები, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღო. თბილისის მერმა, მის დაქვემდებარების ქვეშ მყოფ სამსახურს, ქაოსურად განთავსებული ღია კაფეების საკითხის უმოკლეს ვადებში მოწესრიგება დაავალა. აკუსტიკური ხმაურის ნორმების გამკაცრების შესახებ კანონპროექტი, პარლამენტს მალე გადაეგზავნება.

დღის ამბები