19 მაისი 2024,   03:48
ვრცლად
ინვესტიციების მხრივ საქართველო მე-13 ადგილს იკავებს, რეგიონის ქვეყნებთან შედარებით კი ლიდერია - საინვესტიციო პოტენციალის თვალსაზრისით შტატები საქართველოს პოზიტიურ შეფასებას აძლევს

მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, ეკონომიკური მდგრადობა და გატარებული რეფორმები - შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში ამ სამ ძირითად ფაქტორს გამოყოფს, რის საფუძველზეც საქართველოს პოზიტიურ შეფასებას აძლევს. ანგარიში კვალიფიციურ კვლევებს ეყრდნობა, სადაც საქართველოს საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით უცხოელი ინვესტორების განწყობებია ასახული. ერთ-ერთი ასეთი "ბლუმბერგის" კვლევა და ეს მონაცემებია.

"ინვესტიციების მხრივ საქართველო მე-13 ადგილს იკავებს ისეთ მსხვილ გლობალურ ეკონომიკებს შორის, როგორიცაა აშშ, ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი. კვლევის მიხედვით, საქართველოთი დაინტერესებული ინვესტორების 70% ოპტიმისტურად არის განწყობილი ქვეყნის ეკონომიკის მიმართ, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება გლობალურ საშუალო მაჩვენებელს - 55%-ს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ცნობადობა ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ძირითად გადაწყვეტილებებს შორის საკმაოდ მაღალია", - ნათქვამია "ბლუმბერგის" კვლევაში.

პოზიტიური შეფასებით, რომელიც ამჯერად შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აისახა კმაყოფილია მთავრობის ეკონომიკური გუნდი. გაუმჯობესებული პოზიციების გარდა ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებში საუბრობენ მთავარ მოლოდინზე, რომ დადებითი შეფასებებს ქვეყანაში მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უნდა მოჰყვეს.

გატარებულ რეფორმებზე საუბრისას შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საკითხებს, რომლებიც უცხოური ინვესტიციების დაცულობის მეტ გარანტიებს, მათ შორის სამართლებრივ მექანიზმებს ეხება. ასევე აღნიშნულია ეფექტური კონტროლი, რომელიც რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულებას ეხება. ამ მხრივ ხაზგასმულია ეროვნული ბანკის მიერ მიღებული რეგულაციები. ანალიტიკოსების შეფასებით ეს უკანასკნელი ეკონომიკური ეფექტის გარდა ქვეყნისთვის პოლიტიკური კუთხითაც მომგებიანია.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველო საინვესტიციო გარემოს მიხედვით ლიდერია რეგიონის ქვეყნებთან შედარებით. აქვე აღნიშნულია გამჭვირვალე საგადასახადო თუ შესყიდვების სისტემები და დაბალი შრომითი ხარჯები, რაც ასევე ზრდის საქართველოს მიმზიდველობას უცხოური ინვესტორებისათვის.

დღის ამბები