19 მაისი 2024,   07:35
ვრცლად
ოდესის პორტი საოკუპაციო ძალის მთავარ სამიზნედ რჩება - როგორ ვითარდება მოვლენები უკრაინაში ომის 519-ე დღეს

ოდესის პორტი საოკუპაციო ძალის მთავარ სამიზნედ რჩება. გვიან ღამით, აგრესორი ქალაქს თავს "კალიბრის" ტიპის რაკეტებით დაესხა. განადგურებულია მარცვლეულის 2 საცავი. დაზიანდა პორტის ადმინისტრაციული შენობა და სატვირთო ტერმინალი. მძიმედ დაშავდა 3 ადამიანი. დაიღუპა 2 მშვიდობიანი მოქალაქე.

74 წლის ქალი დაიღუპა ხარკოვის ოლქის სოფელ კოვშაროვკას დაბომბვის შედეგად. საცხოვრებელ ზონას, რომლის სიახლოვეს არც ერთი სამხედრო ობიექტი არ არის, ოკუპანტებმა მართვადი რაკეტებით შეუტიეს. აფეთქებულია 5 სართულიანი სახლი. სხეულის უმძიმესი დაზიანება მიიღო სამმა ადგილობრივმა.

რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ხმელნიცკის სიახლოვეს მდებარე აეროდრომზე. განადგურებული ობიექტების შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო დეტალებს არ ასაჯაროებს. 14-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 6 სასაზღვრო დასახლება. ზონაში ასზე მეტი აფეთქება დაფიქსირდა.

შეტევით ოპერაციას განაგრძობენ უკრაინელი სამხედროები. გენერალური შტაბის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალას მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით კოლოსალური დანაკარგი აქვს. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ლიკვიდირებულია 590-მდე რუსი სამხედრო. აფეთქებულია აგრესორის 9 ტანკი, 11 ჯავშანმანქანა და 18 საარტილერიო სისტემა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კონტრიერიში გაგრძელდა ქვეყნის სრულ გათავისუფლებამდე. მანამდე კი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოკუპირებული ყირიმის დე ფაქტო ხელისუფლებას გაქცევას ურჩევს.

რაკეტების მარაგის შევსება ამ ეტაპზე რუსეთის პირველი ამოცანაა. ამაზე უკრაინის მთავრობაც და დასავლელი ექსპერტებიც საუბრობენ. დიდი ალბათობით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება სერგეი შოიგუს ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაშიც. ოფიციალურად მხარეები ამ ფაქტს უარყოფენ, მაგრამ ვაშინგტონში ჯერ კიდევ 5 თვის წინ განაცხადეს, რომ დეფიციტური პროდუქტების სანაცვლოდ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს რაკეტებს გადასცემს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მასშტაბურ სარაკეტო იერიშს საოკუპაციო ძალა შემოდგომა-ზამთარში გეგმავს. მანამდე კი აგრესორი მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს უპილოტო საფრენი აპარატების საშუალებით განაგრძობს. სწორედ ამის გამო, ოფიციალური კიევი საერთაშორისო პარტნიორებს სთხოვს რაც შეიძლება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, მაქსიმალურად მოკლე ვადებში მიაწოდონ.

დღის ამბები