19 მაისი 2024,   06:56
ვრცლად
მომღერალი, რომელმაც მთელი მსოფლიო დაასევდიანა, გააბრაზა და ამასთან, გენიალური მუსიკა დაუტოვა - შინეიდ ო" კონორი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა

მომღერალი, რომელმაც მთელი მსოფლიო დაასევდიანა, გააბრაზა და ამასთან ერთად გენიალური მუსიკა დაუტოვა, - შინეიდ ო" კონორი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ხმა, რომელიც სევდით და უამრავი ემოციით არის სავსე, - მსმენელის გონებამდე და გულამდე ისე ახლოს მივიდა, რომ უკვე 36 წელია, მსოფლიოსთვის ერთ - ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მუსიკალურ მოვლენად ითვლება.

ვიდეოკლიპისთვის სადა, შავი ფონი აირჩია. თმა სპეციალურად გადაიპარსა, იმიტომ, რომ შინეიდ ო" კონორს სურდა, სამყაროს მხოლოდ მისი სათქმელი და ხმა გაეგო, სილამაზე კი შეუმჩნეველი ყოფილიყო.

პრინცის დაწერილი სიმღერის ქავერმა, შინეიდ ო"კონორს წარმატება მოუტანა. მომღერალი წლის შემსრულებლად აღიარეს. გრემის დაჯილდოებაზე ოთხ ნომინაციაში დასახელდა. გამარჯვება საუკეთესო ალტერნატიული მუსიკის კატეგორიაში მოიპოვა, თუმცა დაჯილდოებაზე არ გამოცხადდა და პრიზზეც უარი თქვა. ის პირველი მომღერალი იყო, რომელმაც მსოფლიოს უთხრა, რომ ჯილდოები არ ჭირდება.

წარმატების მიუხედავად, შინეიდ ო’კონორს ეს სიმღერა სძულდა. მიზეზი - საავტორო სიმღერების ნაცვლად, სხვისი სიმღერის შესრულებით მოპოვებული ხალხის სიყვარული იყო.

"ვფიქრობ, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და არ ვიყავი მზად ამ ტიპის წარმატებისთვის. ნამდვილად არ ვაპირებდი პოპ-ვარსკვლავობას, მე პანკი უფრო ვიყავი. ნამდვილად არ ვგეგმავდი გავმხდარიყავი პოპ ვარსკვლავი", - ამბობდა მომღერალი.

"Nothing Compares 2 U " ცოცხლად შესრულებაზე უარი თქვა. 5 წლის შემდეგ პირობა დაარღვია. ამჯერად ჰიჯაბით.

მომღერალს ისლამის მიღება საზოგადოებამ არ აპატია.

"ჩემი ქვეყანა ძალიან შევიწროებული იყო რელიგიური თვალსაზრისით. ვერავინ ხედავდა სიხარულს ღმერთში. დავიწყე წმინდა წერილების კითხვა ბავშვობაში, შემდეგ გადავედი სხვა რელიგიებზე, ვცდილობდი ჭეშმარიტება მეპოვა ღმერთზე. წავიკითხე ყურანის მეორე სურა და მივხვდი, თურმე მთელი ცხოვრება მუსლიმი ვყოფილვარ და არ მცოდნია", - ამბობდა შინეიდ ო’კონორსი.

გულშემატკივარმა არც მაშინდელი რომის პაპის, იოანე პავლე მეორის სურათის პირდაპირ ეთერში დახევა აპატია. შინეიდ ო"კონორმა სასულიერო პირი, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ფაქტების დაფარვაში საჯაროდ დაადანაშაულა.

ჩვენ, ირლანდიაში ამის შესახებ 10 წლით ადრე ვიცოდით, ვიდრე თქვენ - ვგულისხმობ ბავშვთა მიმართ ძალადობას კათოლიკურ ეკლესიაში. ჩვენ მტკიცებულება გვქონდა. მე გულწრფელად ვიყავი გაბრაზებული იმაზე, რასაც ეკლესია ჩადიოდა. სურათის დახევით მე რისკის ქვეშ ჩემი თავი დავაყენე", - აცხადებდა მომღერალი.

შინეიდ ო" კონორის გადაწყვეტილებებმა, - წარმატებისკენ გზა დაასრულა. მომღერალი ბულინგის მსხვერპლი აღმოჩნდა, თუმცა ძალადობა მის ცხოვრებაში სიახლე არ ყოფილა. თავად ღიად ჰყვებოდა, რომ დედა მას სისტემატურად სცემდა. შინეიდ ო"კონორს წლების განმავლობაში ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები. ერთი წლის წინ, 17 წლის შვილი დაეღუპა. რის შემდეგაც, მომღერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დახმარება სუიციდური აზრებისგან თავის დასაღწევად სჭირდებოდა, რისი მცდელობაც წარსულშიც არაერთხელ ჰქონია.

დღის ამბები