19 მაისი 2024,   08:53
ვრცლად
როინ შავაძის წამებისა და ორგანიზებული მკვლელობის საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო - მათგან 8 უკვე დაკავებულია, ორზე კი საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა

მრავლობითი დაზიანებები სერჟანტ როინ შავაძის ცხედარს აღენიშნებოდა. აგვისტოს ომის და საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მონაწილე ჯარისკაცს 2008 წლის 16 აგვისტოს კუდის მაღალჩინოსნების დაკვეთით სპეცრაზმმა სასტიკად სცემა, ბათუმიდან გურიის მიმართულებით გაიტაცა და კალაშნიკოვის ავტომატებით ჩაცხრილა. სასტიკად ნაწამებ სამხედრო მოსამსახურეს ჯამში 40 ტყვია ესროლეს. 15 წლის შემდეგ საქმე გახსნილად გამოცხადდა.

როინ შავაძის წამებისა და ორგანიზებული მკვლელობის საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 10 პირის მიმართ, რომელთაგან 8 დააკავეს, ორზე კი საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. ხელახალ გამოძიებას საფუძვლად დაედო 2020 წელს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად როინ შავაძის მიმართ დაირღვა ევროკონვცენციით დაცული სიცოცხლის უფლება.

გამოძიების ინფორმაციით, სიცოცხლის უკანონო ხელყოფის შესანიღბად კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა შექმნა ლეგენდა, რომ თითქოს როინ შავაძე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს, თბილისში ეტაპირების დროს კი გაქცევა სცადა. ამ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს ორი მთავარი გარემოება: იმ დროს რუსეთის საოუკუპაციო ძალების მიერ გორის ცენტრალური მაგისტრალი მთლიანად ბლოკირბეული იყო, რაც ბათუმში დაკავებული როინ შავაძის თბილისში გადმოყვანას შეუძლებელს ხდიდა. გარდა ამისა, ექსპერტიზით დასტურდება, რომ სიცოცხლეში მიყენებული მრავლობით მოტეხილობების გამო დაკავებული როინ შავაძე არათუ გაქცევას, არამედ ნელი ნაბიჯებით გადაადგილებასაც კი ვერ შეძლებდა.

ბრალდებულთა შორისაა აჭარის კუდის ყოფილი უფროსი თეიმურაზ პატარიძეც. ამჟამად ის საქართველოში არ იმყოფება და ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალს არ აღიარებს. საზღვარგარეთ მყოფი თემურ პატარიძის პოზიცია “კურიერს“ მისმა ადვოკატმა გააცნო.

დანაშაულს არ აღიარებენ სხვა ბრალდებულებიც. დაკავებულები კუდის მიერ 15 წლის წინ შემოთავაზებულ ვერსიას იმეორებენ, რომლის თანახმად როინ შავაძის ლიკვიდაცია გარდაუვალი აუცილებლობიდან გამომდინარე მოხდა.

გამოძიების შედეგით კმაყოფილია როინ შავაძის ოჯახი. მოკლული სერჟანტის მეუღლე საქმის ფიგურანტების დაკავებას 15 წლის შემდეგ სამართლიანობის აღდგენად მიიჩნევს.

პროკურატურაში ამბობენ, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა როინ შავაძე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე არსებული ეჭვის გამო მოკლეს, თუმცა არც მაშინ და არც ხელახალი გამოძიების პროცესში ახალგაზრდა ჯარისკაცის აგენტურული საქმიანობა არ დადასტურდა.

დღის ამბები