ერთი კონკრეტული გზავნილით ჩამოვედი - გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი კავშირები, ურთიერთობა და მეგობრობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან ლი ციანთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს და ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე გაზრდა
მოიტანს ცვლილებებსა და კონკრეტულ შედეგებს საქართველოსა და ჩინეთში.
"ბატონო პრემიერო, დიდი პატივი და სიამოვნებაა ჩემთვის დღეს თქვენთან შეხვედრა. უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვა რომ დიდად ვაფასებთ ჩინეთთან ურთიერთობას და მეგობრობას.
ერთი კონკრეტული გზავნილით ჩამოვედი - გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი კავშირები, ურთიერთობა და მეგობრობა.
ბატონო პრემიერო, მე მქონდა პატივი და შესაძლებლობა შევხვედროდი პრეზიდენტ სი ძინპინს ქ. ჩენგდუში და უსაზღვროდ მადლობელი ვარ მისი თბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის.
ასევე, მქონდა პატივი დავსწრებოდი მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიას, რომელიც ფანტასტიკური და დიდად სანახაობრივი იყო. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მადლიერება პრეზიდენტი სი ძინპინისა და თქვენდამი.
ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი პატივი გვერგო იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ჩვენს ურთიერთობას სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ზრდის.
მიმაჩნია, რომ ეს მოიტანს კონკრეტულ შედეგებს საქართველოსა და ჩინეთში. ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რაც უკვე ვახსენე პრეზიდენტ სი ძინპინთან, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ერთი ჩინეთის პრინციპს. აქვე მინდა გამოვხატო მადლიერება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.
დიდად ვაფასებთ ჩინეთთან მეგობრობას და თანამშრომლობას. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას და საუბარს, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა!”, - განაცხადა პრემიერმა.