17 ივნისი 2024,   16:36
ვრცლად
ამის პროგნოზი გამორიცხული იყო, მითუმეტეს ამ ხეობაში ღვარცოფის გავლას ადგილი არ ჰქონია - გეოლოგი შოვის სტიქიაზე

გეოლოგი, მერაბ გაფრინდაშვილი შოვში მომხდარ სტიქიასა და მის შედეგებზე "კურიერთან" დეტალურად საუბრობს. როგორც გეოლოგი ამბობს, სტიქიის დროს, ერთმანეთს რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენა დაემთხვა, რაც იშვიათ შემთხვევას მიეკუთვნება.

გეოლოგი აღნშნავს, რომ აღნიშნული სტიქიის წინასწარ პროგნოზი შეუძლებელი იყო.

"ზოგადად, სტიქიური მოვლენა, რომელიც მიმდინარე წლის 3 აგვისტოს ჩაისახა და გააქტიურდა, ეს მოხდა მთიან რეგიონში. რთული რელიეფური პირობები, რთული გეოლოგიური აგებულება, შესაბამისად, სალიკვიდაციო სამუშაოები გაძნელებულია, თუმცა მე ვიტყოდი, რომ არნახული შემართებით, 24-საათიან რეჟიმში, ქვეყნის სხვადასხვა უწყებები აწარმოებენ სამუშაოებს. ასეთი მასშტაბური სტიქიის დროს ადვილი არ არის მსგავსი სამუშაოების ჩატარება.

სტიქია, რომელიც განვითარდა მდინარე ბუბას ხეობაში, მულტი - საფრთხეებით გამოირჩეოდა. აქ გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების ერთობლიობას. ერთი და იგივე ლოკაციაზე, ერთი და იგივე დროს ადგილი ჰქონდა მყინვარების ექსტრემალურ დნობას, უხვ ატმოსფერულ ნალექს. წყლის მასამ დინამიკაში მოიყვანა ხეობაში არსებული მყარი ნატანი. წარმიმართა არნახული გვერდითი ეროზიული პროცესები, რომელმაც, თავის მხრივ, გამოიწვია ე.წ. სანაპირო ტიპის მეწყრები და ეს ძალიან დიდი მასა, დაახლოებით 5 მილიონის ფარგლებში, შემოვიდა შოვის ზონაში, კოტეჯების უბანში და მისი უარყოფითი შედეგები კარგად მოგეხსენებათ. იშვიათია, როდესაც მსგავსი თანხვედრა სხვადასხვა პროცესების.

რაც შეეხება პროგნოზს: ამ ტიპის მეწყრულ სხეულებზე მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ გააჩნიათ და შეგნებულად არ ამონტაჟებენ მონიტორინგულ აპარატებს იმიტომ, რომ პროცესი მყისიერად ვითარდება, წამიერად წყდება და ჩვენ რომ იქ გვქონდეს დაინსტალირებული აპარატურა, ინფორმაციის მოწოდებასაც კი ვერ მოასწრებს და წყლის ღვარცოფულ მასაში აითქვიფება. ამიტომ ამ ტიპის ხეობებსა და ამ ტიპის პროცესებზე მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ არც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებშ,  თუმცა ბოლო წლებია, რაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალიან აქტიურ ფაზაში ჰყავს აყვანილი ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური აპარატის ინსტალირება ქვეყნის ყველა რეგიონში, თუ არ ჩავთვლით დროებით ოკუპირებულ რეგიონებს, იქ სადაც გვაძლევს საშუალებას პროცესის გენეზისი, დინამიკა. ამას ემატება ქვეყნის მასშტაბით, ბუნებრივი საფრთხეების ზონირების რუკების შედგენა, რომლის ანალოგიც საქართველოში არასოდეს არ ყოფილა. 7 ბუნებრივი საფრთხის რუკა გვექნება. დასავლეთ საქართველო პრაქტიკულად დასრულებულია, აღმოსავლეთ საქართველო თბილისთან ერთად წლის ბოლოს დასრულდება და ყველა მუნიციპალიტეტსა თუ რეგიონს ექნება ეს რუკები. ამ რუკებზე საფრთხეებია შეფასებული, ძალიან მოსახერხებელია რიგითი მოქალაქეებისთვისაც. მოქალაქეს შეუძლია თავისი ნახოს საკარმიდამო საცხოვრებელი სახლი სად მდებარეობს, მაღალი საფრთხის ქვეშ არის, საშუალო თუ დაბალში.

[ის რაც შოვში მოხდა] ამის პროგნოზი გამორიცხული იყო, მითუმეტეს ამ ხეობაში ღვარცოფის გავლას ადგილი არ ჰქონია. ეს ყველაფერი კლიმატის გლობალური ცვლილებებითაა გამოწვეული," - განაცხადა გეოლოგმა.

გეოლოგი ასევე გამოეხმაურა, მისი თქმით რამდენიმე მედიაში გავრცელებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტი ყოველწლიურად გამოსცემს საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენს. ერთ-ერთ ბიულეტენში ამოიკითხეს და არ მიაქციეს კარგად ყურადღება. იქ საუბარი იყო მდინარე ბრდღვიორაზე, ეს არის მდინარე ჭანჭახის მარცხენა შენაკადი, რომელიც ღვარცოფიული მოვლენებით მუდმივად ხასიათდება. ყოფილა შემთხვევები, წელიწადში სამჯერ ყოფილა გავლა ღვარცოფის, მაგრამ ეს სტიქია, რომელიც გუშინ მოხდა ეს იყო მდინარე ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი, სადაც არასოდეს სტიქია არ მომხდარა. ასე რომ ყურადღებით არის გასაცნობი და არ უნდა დაიდოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც მოქალაქეებს შეცდომაში შეიყვანს," - აღნიშნა გეოლოგმა.

 

დღის ამბები